Thumbnail

მეოთხედ მოსვლა ბრემენში - ბებერი პისარო ისევ ვერდერში დაბრუნდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლაუდიო პისარო ისევ ბრემენის ვერდერში ითამაშებს
  • ვეტერანი პერუელი თავდამსხმელი “ვეზერ-შტადიონზე” მეოთხედ დაბრუნდა

ამას მართლაც ვეღარავინ წარმოიდგენდა, მაგრამ არასდროს უნდა თქვა “არასდროს” - მით უმეტეს მაშინ, როცა საქმეს კლაუდიო პისაროს და ბრემენის ვერდერს ეხება…

დიახ, ბრემენულმა კლუბმა კლაუდიო პისარო მართლაც გადაიბირა - 39 წლის პერუელმა თავდამსხმელმა ვერდერთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრემენელებმა ეს ინფორმაცია კვირას ოფიციალურად დაადასტურეს. პისაროსთვის ეს დიდი ალბათობით უკანასკნელი სეზონი იქნება - მას სურს, რომ კარიერა სწორედ იმ კლუბში დაასრულოს, საიდანაც საფეხბურთო ევროპამ გაიცნო.

კლაუდიო პისარო ვერდერის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია

“პისაროს ბოლო კვირებში ვეკონტაქტებოდით და მივხვდით, რომ ორივე მხარეს გვსურდა, ვერდერში კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო. კლაუდიომ აქტიური სპორტული კარიერა სწორედ ჩვენთან, “ვეზერ-შტადიონზე” უნდა დაასრულოს,” - განაცხადა ვერდერის გენერალურმა მენეჯერმა ფრანკ ბაუმანმა.

ვეტერანი პერუელი თავდამსხმელი ბოლოს კიოლნში თამაშობდა და ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან ვერ იხსნა. კლაუდიო პისაროსთვის ეს ვერდერში მეოთხედ მოსვლაა (!!!) - ბრემენში ის პირველად 1999 წელს გამოჩნდა და 2001 წლამდე ითამაშა. შემდეგ კლაუდიო ვერდერში 2008 წელს დაბრუნდა და 2012 წლამდე თამაშობდა, მესამედ კი ბრემენშ 2015 წელს დაბრუნდა და 2017 წლამდე ითამაშა.

კლაუდიო პისარო ვერდერის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, საერთო ჯამში კი, მას ბუნდესლიგის 446 მატჩში 192 გოლი აქვს გატანილი. ამას ემატება 73 მატჩი ჩემპიონთა ლიგაში (21 გოლი), 53 მატჩი და 30 გოლ გერმანიის თასზე და 21 მატჩი და 2 გოლი პრემიერლიგაში. პერუს ნაკფრებში პისაროს 85 შეხვედრაში 20 გოლი აქვს. პისარო 6-ჯერ იყო გერმანიის ჩემპიონი (ბაიერნი), 6-ჯერ მოიგო გერმანიის თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.

კომენტარები

ბოლო ამბები