Thumbnail

‘ერთხელ მითხრა, არავისი მეშინიაო’ - დეშამი პავარის დიდ მომავალზე საუბრობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დიდიე დეშამმა ბენჟამენ პავარი შეაქო
  • საფრანგეთის მწვრთნელისთვის შტუტგარტის მარჯვენა მცველი სამაგალითო ფეხბურთელია

ბენჟამენ პავარი არა მარტო მსოფლიოს ჩემპიონი, არამედ მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. საფრანგეთის ნაკრებისა და შტუტგარტის მარჯვენა მცველმა რუსეთში ბრწყინვალედ იასპარეზა, მისი გოლი კი (არგენტინას გაუტანა) ტურნირის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

პავარის ულამაზესი გოლი არგენტინის ნაკრების კარში

“ბენჟამენ პავარი ამ მუნდიალზე ვარსკვლავი გახდა და ეს აბსოლუტურად დაიმსახურა. ზოგადად, 22 წლის პავარი ძალიან მეგობრული და კარგი ადამიანია, თანაგუნდელებს ძალიან უყვართ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, უაღრესად თავდაჯერებული მოთამაშეა. ერთხელ მითხრა, აბსოლუტურად არავისი მეშინიაო. ამაზე მივუგე, კარგია, რომ ასე ფიქრობ, მაგრამ ჟურნალისტებს არ უთხრა-მეთქი,” - განაცხადა დეშამმა გერმანულ “კიკერთან” ინტერვიუში.

პავარმა მუნდიალზე მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა (დანიასთან), არგენტინის ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა და ფინალშიც (4:2 ხორვატიასთან) შესანიშნავად ითამაშა. წარმატებული მუნდიალის შემდეგ, შტუტგარტის მარჯვენა მცველზე უდიდესი მოთხოვნაა - მას გრანდები ეპატიჟებიან. გერმანული პრესის ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ პავარი მიუნხენის ბაიერნში გადავიდეს.

სექტემბერში ერთა ლიგა იწყება, სადაც საფრანგეთის ნაკრები პირველ მატჩს გერმანიასთან გამართავს. “ვფიქრობ, კარგია, რომ ერთა ლიგა დაარსდა. გერმანიის ნაკრების დონის გუნდებთან თამაში ყოველთვის უკეთესია როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე მწვრთნელისთვისაც,” - აცხადებს დეშამი.

კომენტარები

ბოლო ამბები