Thumbnail
  • ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ნაკრები დააჯილდოვა
  • რუსეთის პრეზიდენტი გუნდისგან მომავალში უფრო მეტს ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეროვნული საფეხბურთო გუნდი კრემლში მიიღო და დააჯილდოვა. მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა, მეკარე იგორ აკინფეევმა და მცველმა სერგეი იგნაშევიჩმა ღირსების ორდენები მიიღეს, სხვა მოთამაშეებმა კი - საპატიო სიგელები.

“ჩერჩესოვმა დაამტკიცა, რომ კარგი ფსიქოლოგი, მენტორი და ლიდერია,” - განაცხადა 65 წლის პუტინმა დაჯილდოვების დროს, ხოლო კაპიტან აკინფეევზე კი თქვა, არაერთხელ გადაგვარჩინაო.

“ჩვენ იმიტომ კი არ ვიბრძოლეთ, რომ ეს ჯილდოები მიგვეღო, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის!” - უთხრა ჩერჩესოვმა პუტინს.

“ფეხბურთელებმა თავგანწირვისა და გუნდური სულისკვეთების შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენეს. რუსეთი თქვენგან მომავალ ტურნირებზე ახალ დიდ გამარჯვებებს ელოდება,” - დაამატა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხედფინალში გააღწია, მერვედფინალში კი თვით ესპანეთის ნაკრების დამარცხება შეძლო. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ პარასკევს სტანისლავ ჩერჩესოვს, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელსაც ვადა 2020 წლამდე აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები