Thumbnail

კრიშტიანომანია ტურინში - ამხანაგურ თამაშზეც კი ყველა ბილეთი გაყიდულია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდოს ტურინში მოუთმენლად ელიან
  • თვით უინტერესო ტესტ-მატჩზეც კი ყველა ბილეთი გაყიდულია

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კრიშტიანო რონალდომ ისე დაისვენა, როგორც ეკადრება, ახლა კი მას ტურინში ელიან. 33 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იტალიაში დღეს, ოჯახთან ერთად ჩაფრინდება - ტურინის აეროპორტში მას იუვენტუსის უამრავი ქომაგი დახვდება. ორშაბათიდან კი, CR7 იუვენტუსის ფორმით პირველად ივარჯიშებს.

რონალდოს არაოფიციალური დებიუტი იუვეში ხუთშაბათსაა დაგეგმილი. ეს იქნება ტესტ-მატჩი იუვენტუსის B გუნდთან - შეხვედრა, რომელიც სხვა დროს გულშემატკივრების მცირე ინტერესსაც კი არ გამოიწვევდა. მაგრამ რაკი რონალდომ იუვენტუსის ფორმით პირველად სწორედ ამ მატჩში უნდა ითამაშოს, ერთი შეხედვით ყველასათვის უინტერესო თამაში სერიოზულ ღონისძიებად გადაიქცა - ყველა ბილეთი გაყიდულია!

“ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება, რონალდო ვავარჯიშო. ის უდიდესი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც იუვენტუსი კიდევ უფრო ძლიერი გუნდი იქნება,” - ეს ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სიტყვებია.

თუმცა, იუვეს 50 წლის თავკაცმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ გადამეტებული ეიფორიისგან და ოპტიმიზმისგან თავი შეიკავონ: “მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ მხოლოდ რონალდოს ტრანსფერის გამო, ეს სეზონი ჩვენთვის ადვილი არ იქნება. მეტოქეები ახლა უფრო დიდი მონდომებითა და კონცენტრაციით შეგვებრძოლებიან. რონალდოს წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი გამოწვევაა და იმიტომ,” - აცხადებს ალეგრი.

რაც შეეხება ოფიციალურ დებიუტს: კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში პირველ სერიოზულ მატჩს დიდი ალბათობით სერია A-ს პირველ ტურში, კიევოსთან ჩაატარებს. კალენდრის მიხედვით, იუვენტუსი კიევის 18 ან 19 აგვისტოს ესტუმრება.

აქვე ვთქვათ, რომ იუვენტუსმა ახალი სეზონისთვის უკვე ყველა ხელმისაწვდომი აბონემენტი (სულ 29 300) გაყიდა - მიუხედავად იმისა, რომ ფასები 30 პროცენტით გაიზარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები