Thumbnail

დიმიტრი შარჟევსკი: ''მაინტერესებდა, რა პირობებში იზრდებოდნენ ქართველი ბიჭები''

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რასინგის კაპიტანმა ზაფხულის თასზე ისაუბრა
  • ტურნირის მნიშვნელობა, მზადება TOP 14-ის ახალი სეზონისთვის, ვასილ კაკოვინი

28 ივლისს ზაფხულის თასი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას სამი ნაკრები და ერთი კლუბი მიიღებს. სასიხარულოა, რომ თბილისში ისეთი დონის კლუბი ჩამოვიდა, როგორიც რასინგია. ფრანგულმა გუნდმა წინა სეზონში ჩემპიონთა თასის ფინალში მოახერხა გასვლა, მაგრამ იქ ირლანდიურ ლენსტერთან დაძაბულ ბრძოლაში, 15:12 დამარცხდა.

რასინგის ღირსებას ვასილ კაკოვინი იცავს. გარდა კაკოვინისა, კლუბის ესპუარებში გურამ გოგიჩაიშვილიც ირიცხება. წინასატურნირო პრესკონფერენციაზე რასინგის კაპიტანმა, დიმიტრი შარჟევსკიმ ზაფხულის თასზე, ვასილ კაკოვინზე და TOP 14-ის ახალ სეზონზე ისაუბრა.

ექვსი წელია, რაც დიმიტრი შარჟევსკი რასინგის ღირსებას იცავს. საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მორაგბეს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა. რასინგამდე, შარჟევსკი ბეზიესა და სტად ფრანსეს ღირსებას იცავდა. 35 წლის მორაგბეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 7 ლელო ირიცხება.

დიმიტრი შარჟევსკი (რასინგის კაპიტანი): ''ზაფხულის თასის დაწყებას განსაკუთრებულად ველით. ყოველთვის ასეა, როდესაც ახალ ქვეყანაში იმყოფები და ახალ ტურნირში გიწევს ჩართვა. განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ როგორც გუნდს, ნაკრებებთან მოგვიწევს დაპირისპირება. საფრანგეთს წარმოვადგენთ და ვეცდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ.''

''TOP 14-ში რთული სეზონი გველის. ასეთი შეკრებები ჩვენს ახალწვეულ მორაგბეებს შეთამაშებაში დაეხმარება. რაც შეეხება ვასილ კაკოვინს, მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.''

''TOP 14-ში ბევრი ქართველი მორაგბე თამაშობს. ისინი ძალიან ძლიერები არიან. ''კაკო'' შერკინებასა და სტატიკაში შეუდარებელია. ასეთი გამოცდილი მოთამაშე ძალიან გვეხმარება გუნდში.''

''საქართველოში ჩამოსვლა მსურდა, რადგანაც მაინტერესებდა, გამეგო, თუ სად და როგორ პირობებში იზრდებიან ასეთი ძლიერი მორაგბეები.''

კომენტარები

ბოლო ამბები