Thumbnail

საშიში საჩუქარი | რა იპოვეს ბურთში, რომელიც პუტინმა ტრამპს უსახსოვრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას ჰელსინკიში შეხვედრაზე ბურთი აჩუქა 
  • გამოითქვა ვარაუდი, რომ ბურთში შესაძლოა ჯაშუშური მოწყობილობა ყოფილიყო
  • ბურთი შემოწმდა და გაირკვა, რომ მასში მიკროსქემა ნამდვილადაა ჩამონტაჟებული 

ბურთი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 16 ივლისს, ჰელსინკიში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჩუქა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოითქვა ეჭვი, რომ ბურთში შესაძლოა ჯაშუშური მოწყობილობა ყოფილიყო ჩამონტაჟებული.

ღონისძიების შემდეგ ამერიკის ლიდერს სიფრთხილისკენ ნახევრად ხუმრობით ბევრმა მოუწოდა. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ თავად არ გარისკავდა, ბურთს თეთრ სახლში არ შეიტანდა და შეამოწმებდა, მასში მოსასმენი მოწყობილობა ხომ არაა ჩამონტაჟებული. 

და აი, ახლახან გაირკვა, რომ ბურთში ჩიპი ნამდვილად არის ჩამონტაჟებული. 

ამ ფაქტს სტატია Bloomberg-მა მიუძღვნა, რომელიც აზუსტებს, რომ ეს არაა ჯაშუშური მოწყობილობა და Adidas-ის მიერ, მუნდიალი 2018-ის ყველა ბურთში ჩამონტაჟებული მიკროსქემა, მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულებისთვის გამიზნული მარკეტინგული დანიშნულების სიახლეა. 

თავის მხრივ, Adidas-შიც განმარტეს, რომ დამზადების პროცესში ბურთში, ლოგოტიპის ქვეშ მიკროსქემა NFC (Near Field Communication) მონტაჟდება, მისი მეშვეობით კი გულშემატკივრებს წვდომა აქვთ ფეხბურთელებისა და ტურნირების ვიდეოებზე, გამოკითხვებსა და სხვა მსგავსი ტიპის კონტენტზე, თუკი ბურთს მობილურ მოწყობილობას მიუახლოებენ.

აღნიშნული ფუნქცია აქვს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ყველა ბურთს, რომელიც Adidas-ის საიტზე 165 დოლარად იყიდებოდა (ახლა უკვე 83 აშშ დოლარი ღირს). რამდენად შესაძლებელია ბურთში ჩამონტაჟებული ჩიპის "გატეხვა" და მისი სხვა მიზნით გამოყენება, უცნობია.

ჩიპი მსოფლიოს 2018 წლისთვის შექმნილ Adidas-ის ყველა ბურთს აქვს

"უსაფრთხოების შემოწმების პროცესი, რომელიც ყველა საჩუქარს უტარდება, ფეხბურთის ბურთმაც გაიარა", - განაცხადა მოგვიანებით თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა, თუმცა, არ დააზუსტა, მიაგნეს თუ არა ბურთში რაიმე საეჭვოს. თეთრ სახლში არც იმას ამბობენ, სად დაიდებს პუტინის საჩუქარი მომავალში ბინას.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი აშშ-მა, მექსიკასა და კანადასთან ერთად შეიტანა და საბოლოოდ, კიდევ ერთ კანდიდატ მაროკოს აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები