Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს საფრანგეთის ნაკრების სახით, რომელიც ყველაზე კარგად განასახიერებს იმ ტაქტიკურ ტენდენციებს, რომლებითაც ეს მუნდიალი ხასიათდებოდა.

ბურთის ფლობა მნიშვნელოვანი აღარ არის

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წინა ტურნირებისგან განსხვავებით ბურთის ფლობის მნიშვნელობა შემცირდა. გუნდებმა, რომლებიც უფრო მეტს ფლობდნენ ბურთს, თამაშების მხოლოდ 44.4 პროცენტი მოიგეს. დანარჩენ შემთხვევაში კი ბურთის ფლობამ შედეგი ვერ მოიტანა.

2008 წლიდან მოყოლებული სანაკრებო ტურნირებზე ის ნაკრებები დომინირებდნენ, რომლებიც სწორედ პოზიციურ, ბურთის ფლობაზე, დამყარებულ ფეხბურთს თამაშობდნენ.  ჯერ ესპანეთმა მოიგო ორჯერ ევროპისა (2008, 2012) და მსოფლიოს ჩემპიონატი (2010), შემდეგ კი გერმანია გახდა მუნდიალის ტრიუმფატორი (2014). ლიოვის გერმანიაც ასევე ბურთის ჭერაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა.

ესპანეთის ნაკრებმა და გვარდიოლას ბარსელონამ თითქმის 10 წლით განსაზღვრეს საფეხბურთო მოდა და ტაქტიკური ტენდენციები - სწორ ფეხბურთად სწორედ ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგზე დაფუძნებული თამაში იქცა. ამ მუნდიალმა, ისევე, როგორც ორი წლის წინანდელმა ევროპის ჩემპიონატმა, გვაჩვენა, რომ, მოსწონს თუ არა, ეს გულშემატკივარს, პოზიციურ შეტევაზე დაფუძნებული თამაში ამ ეტაპზე ნაკლებად შედეგიანია. ეფექტური უფრო  არგაშვებასა და შეცდომის არდაშვებაზე ორიენტირებული ფეხბურთია (თუნდაც მხოლოდ სანაკრებო ფეხბურთში).

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგიის ნაკრების სახით ერთადერთი გუნდი იყო წარმოდგენილი, რომელიც სწორედ პოზიციურ შეტევაზე დაფუძნებულ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა. ესპანეთი და გერმანია ორი ნაკრები, რომელსაც ბურთის ფლობა ყველაზე მეტად უყვარს, ნაადრევად დაემშვიდობა ტურნირს, ისე, რომ არცთუ ისე სახელიანი მოწინააღმდეგეების (რუსეთი, სამხრეთ კორეა) მასირებულ დაცვასთან ვერაფერი გააწყო. წარმატებას ვერც ბრაზილიამ მიაღწია.

საპირისპიროდ წარმატებული ტურნირი ითამაშეს სწორედ ფრთხილად და არგაშვებაზე მოთამაშე შვედეთმა, ურუგვაიმ და საფრანგეთმა. საფრანგეთს საერთოდაც მსოფლიოს ჩემპიონებს შორის ყველაზე ნაკლები ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა.

ბოლო სამი ჩემპიონის ბურთის ფლობის მაჩვენებელი

ეს სტატისტიკური მაჩვენებელი გაზრდილია ჯგუფური თამაშების ფონზე. პლეი ოფში კი საერთოდაც დეშამის გუნდს ოთხ შეხვედრაში სამჯერ 40 პროცენტის ფარგლებში ჰქონდა ბურთი. თუმცა ეს ფრანგებს არ უშლიდა ხელს, რომ კონტრშეტევებისა და სტანდარტების მეშვეობით უაღრესად ეფექტურად შეეტიათ მოწინააღმდეგეებისთვის.

ბურთის ფლობის სიმცირე შეტევის ეფექტურობაზე გავლენას ვერ ახდენს

ბევრი სენსაცია

ბურთის ფლობის მნიშვნელობის შემცირებამ ის მოიტანა, რომ ფავორიტებს ამ ჩემპიონატზე თამაშების მოგება უაღრესად უჭირდათ. მოწინააღმდეგის ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ ფავორიტებმა ხშირად არ იცოდნენ, თუ რა ექნათ. სენსაციები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო, თუმცა ამ ჩემპიონატზე წინა მუნდიალებთან შედარებით პროცენტულად ყველაზე მეტი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.  გუნდებმა უფრო დაბალი რეიტინგით  რეიტინგში მათზე მაღლა მდგომ  გუნდებს 19 თამაში მოუგეს (64-დან). შედარებისთვის წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებს გამარჯვება ბევრად უჭირდათ.
 

დაბალი რეიტინგის მქონე გუნდების გამარჯვებათა რაოდენობა

ეს ორი ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული. სანაკრებო შეკრების დროს მწვრთნელებს ბევრად უფრო მცირე დრო აქვთ კომბინაციური თამაშის დასაყენებლად, ვიდრე საკლუბო ფეხბურთში. დაცვის ორგანიზებას კი ბევრად უფრო ნაკლები დრო და ტალანტი სჭირდება.  შესაბამისად, მუნდიალის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ დაცვიდან თამაშს ამჯობინებდა. მეტოქეებისთვის კი ავტომატიზმამდე მიყვანილი პოზიციური შეტევის გარეშე მასირებული და კარგად ორგანიზებული დაცვის დაძლევა იოლი არ არის.

მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთი კიდევ უფრო გლობალური თამაში გახდა. თითქმის ყველა ნაკრებს საშუალება ჰქონდა ჰყოლოდა მაღალი კლასის ლეგიონერები, რომლებიც  წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში თამაშობენ და მწვრთნელები, რომლებიც  ფეხბურთის უახლეს ტაქტიკურ და მოსამზადებელ სპეციფიკას კარგად იცნობენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, პანამის ნაკრები) გუნდები, რომლებსაც  ორგანიზებული თამაში არ შეეძლოთ, ამ ჩემპიონატზე არ გვხვდებოდნენ. გამოთქმა „თამაში ყველამ ისწავლა“ (ყოველ შემთხვევაში დაცვიდან თამაში მაინც) ყველაზე მეტად აქტუალური სწორედ ამ მუნდიალზე იყო.

საფრანგეთის ნაკრები ძალიან კარგად ერგებოდა ამ ტენდენციას. მისი ფავორიტობის მიუხედავად, საფრანგეთი დიდი სიამოვნებით თამაშობდა მეორე ნომრად. დეშამის გუნდი მზად იყო, რომ ბურთი, ტერიტორია და ინიციატივა სიამოვნებით მიეცა მოწინააღმდეგისთვის, თვითონ კი თავისი კარგად ორგანიზებული დაცვისა და მბაპე-გრიზმანის კონტრშეტევების იმედად დარჩენილიყო.

სტანდარტების როლის ზრდა

ამ ჩემპიონატზე რეკორდულად ბევრი გოლი გავიდა სტანდარტიდან. იმ ფონზე, როდესაც პოზიციური შეტევა გუნდებს ძალიან უჭირდათ, ძირითად აქცენტს სტანდარტებზე აკეთებდნენ. სტანდარტის დროს გატანა უფრო იოლია. არ არის საჭირო შეტევის ორგანიზებისთვის დიდი ძალების ჩართვა და ნაკლებია კონტრშეტევების რისკი, რადგან სტანდარტის დროს მოწინააღმდეგეც დიდი ძალებით იცავს თავს.

სტანდარტული მდგომარეობიდან გატანილი გოლების მაჩვენებლი

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის სტანდარტები შეტევის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური იარაღი იყო. საფრანგეთს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ათლეტური გუნდი ჰყავდა. რაფაელ ვარანი, სამუელ უმტიტი, პოლ პოგბა და ოლივიე ჟირუ  მაღლები არიან და ძალიან კარგად თამაშობენ თავით. ამას ისიც ემატებოდა, რომ ძალიან კარგად ასრულებდა სტანდარტებს ანტუან გრიზმანი.

შედეგად, გადამწყვეტ თამაშებში ურუგვაისთან, ბელგიასა და ხორვატიასთან საფრანგეთმა სწორედ სტანდარტებით გაიტანა. მეოთხედფინალში ურუგვაისთან რაფაელ ვარანმა გახსნა ანგარიში კარგად გათამაშებული ჯარიმის შედეგად.


ნახევარფინალში ბელგიასთან გათამაშებული ჯარიმიდან გოლი უკვე  მეორე ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ გაიტანა, ფინალში კი ფრანგებმა ჯერ ისევ ჯარიმით გახსნეს ანგარიში, ხოლო მეორე გოლზე პენალტის უფლება  კუთხურის შედეგად მიიღეს. საერთო ჯამში საფრანგეთმა  გატანილი 14 გოლიდან  6 გოლი სწორედ სტანდარტებიდან შეაგდო.

ჩემპიონატი გმირების გარეშე?

მუნდიალის წინა მოლოდინები ვერ გაამართლა ვერცერთმა იმ უპირველესმა ვარსკვლავმა, რომელთაგანაც ყველაზე მეტს მოელოდნენ.   ლეო მესის არგენტინა ქაოტურად გამოიყურებოდა, ნეიმარის ბრაზილია მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა მათი ლიდერი გუნდური თამაშის კონტექსტიდან აშკარად ამოვარდნილი იყო, პორტუგალიამ კი კრიშტიანო რონალდოს 4 გოლის მიუხედავად მერვედფინალშივე დაასრულა ასპარეზობა.

ჩემპიონატის უმთავრეს გმირთა შორის ის მოთამაშეები აღმოჩნდნენ, რომლებიც გუნდურ თამაშში ყველაზე კარგად იყვნენ ინტეგრირებულები და თავად თამაშობდნენ გუნდზე და არა პირიქით, გუნდი მათზე. ინდივიდუალისტებისთვის ეს ჩემპიონატი წარმატებული არ აღმოჩნდა (მბაპე გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ). სამაგიეროდ, სიმბოლურია, რომ წინა პლანზე ის მოთამაშეები იყვნენ, რომლებიც არამხოლოდ თვითონ თამაშობდნენ ეფექტურად, არამედ თანაგუნდელებსაც ეხმარებოდნენ კარგად თამაშში (უპირველეს ყოვლისა, მოდრიჩი, გრიზმანი).

საფრანგეთის გზა ტრიუმფისკენ

ზემოთჩამოთვლილი ტენდენციების გათვალისწინებით საფრანგეთის ნაკრები ყველაზე თანამედროვედ გამოიყურებოდა მთელი მუნდიალის განმავლობაში. დაცვაში ფრანგები შეცდომებს თითქმის არ უშვებდნენ.  მათი ცენტრალური მცველების დუეტი (ვარანი-უმტიტი) საუკეთესო იყო ამ ჩემპიონატზე. შუა ხაზში კი ორი მკვეთრად გამოკვეთლი ჩამშლელის (კანტე, მატუიდი) გვერდით, ასევე ათლეტური პოლ პოგბა თამაშობდა.

დეშამს მოედნის ყველაზე სტრატეგიულ მონაკვეთში მოედნის ცენტრსა და თავის საჯარიმოს მოსადგომებთან ხუთი ათლეტური და დაცვაში კარგად მოთამაშე ფეხბურთელი ჰყავდა. საფრანგეთი თავს არიდებდა განაპირა მცველების შეტევაში აქტიურად ჩართვას და შედეგად, დეშამის გუნდი, რომელიც სულ მცირე 7 დაცვაზე ორიენტირებული  ფეხბურთელით თამაშობდა, არ უფრთხოდა დაცვაში ჩაჯდომას.

ერთადერთი მომენტი, როდესაც საფრანგეთი პლეი ოფში ანგარიშში უკან გავიდა არგენტინასთან შეხვედრაში იყო, თუმცა ჩვენ ვერ ვნახეთ, თუ რა გეგმა ჰქონდა დეშამს ანგარიშში ჩამორჩენის შემთხვევაში და როგორ შეეძლო საფრანგეთს დიდი ძალებით შეტევა. არგენტინასთან ანგარიში პავარმა სულ რამდენიმე წუთში შორეული დარტყმით გაათანაბრა. შემდეგ თამაშებში ურუგვაისთან და ბელგიასთან ფრანგებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს და წყნარად წაიყვანეს თამაში, ისე რომ გოლი არ გაუშვიათ.

ყველაზე მეტ პრობლემას საფრანგეთის ნაკრები ფინალში, ხორვატიის წინააღმდეგ, გადააწყდა. საფრანგეთმა კვლავ დათმო ბურთი და ტერიტორია და მეორე ნომრად გადაწყვიტა თამაში. თუმცა, მისი სხვა მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, ხორვატებს ფრანგების სტილის წინააღმდეგ თავისი იარაღი - ეფექტური პრესინგი ჰქონდათ.  ხორვატთა პრესინგის დაწოლის ქვეშ ფრანგები დაცვიდან ვერ ამოდიოდნენ.

თუკი წინა თამაშებში, განსაკუთრებით ბელგიასა და არგენტინასთან ფრანგების კონტრშეტევები ღია სივრცეებში ძალან სახიფათო იყო, ხორვატთა დაწოლის ქვეშ ფრანგებს ბურთი თავის შემტევებამდე ვეღარ გადაჰქონდათ და მთელი პირველი ტაიმი  მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიების რეჟიმში გაატარეს. პირველ ტაიმში მათ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ხორვატთა კარებში და მხოლოდ 6 პასი გააკეთეს მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს.

ხორვატები ფრანგებს არგენტინის ან ბელგიისგან განსხვავებით არც ათლეტიზმსა და ბრძოლისუნარიანობაში ჩამოუვარდებოდნენ. გრძელი გადაცემები მარიო მანჯუკიჩზე ხორვატთა ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო.  ხორვატთა ათლეტურობიდან გამომდინარე ფრანგებმა ეს კოზირიც დაკარგეს.

ხორვატებმა იპოვეს ორი მთავარი სუსტი წერტილი ფრანგების განლაგებაში. დაცვის მარჯვენა ფლანგზე მბაპე შეტევაზეა ორიენტირებული და მარჯვენა მცველს, პავარს, ნაკლებად ეხმარება. შედეგად, პავარი მარტოდ რჩებოდა მთელი ტურნირის მანძილზე შესანიშნავად მოთამაშე ივან პერიშიჩის პირისპირ და მან ეს დუელი დათმო. ძირითადი საფრთხე ფრანგებისთვის სწორედ პავარის ფლანგიდან მოდიოდა.

მეორე სუსტი წერტილი ყველასთვის მოულოდნელად ნგოლო კანტე აღმოჩნდა. კანტე შესანიშნავია დაცვით ფაზაში, თუმცა დაცვიდან შეტევაში გადასვლის დროს კარგი პირველი პასით არ გამოირჩევა. სწორედ კანტე იყო ხორვატთა პრესინგის ძირითადი სამიზნე.

შედეგად, კანტემ ძალიან ბევრი ბურთი დაკარგა და საფრანგეთს დაცვიდან ამოსვლა კიდევ უფრო გაურთულა. დიდიე დეშამს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ამ შეხვედრაში მისმა შესანიშნავმა ცვლილებამ დიდი გავლენა იქონია თამაშზე. დეშამმა ყვითელი ბარათით მოთამაშე კანტე მოხსნა და მის ნაცვლად ნზონზი გამოიყვანა, რომელსაც აქამდე ნაკლებად ენდობოდა. ნზონზი სევილიაში თამაშობს, კარგად ფლობს ბურთს და  ესპანური ტიპის მოთამაშეა. სწორედ ნზონზის გამოსვლის შემდეგ გაუმარტივდა საფრანგეთს თამაში.

ნზონზისთან ერთად საფრანგეთი უკეთესად თამაშობდა პასში და აღარ კარგავდა ბურთს

ამ ცვლილების გარდა გადამწყვეტი როლი დაცვის სიძლიერემაც ითამაშა. ფრანგების დაცვამ ხორვატების დაწოლას გაუძლო, ხოლო ხორვატებმა კი ძალიან მარტივად, სტანდარტებიდან, მიიღეს ორი გოლი იმ დროს, როდესაც ისინი უკეთესად თამაშობდნენ და ფრანგები, ფაქტობრივად, ვერ უტევდნენ.

ამ გოლებმა, განსაკუთრებით კი გრიზმანის პენალტმა, თამაშის ბედი გადაწყვიტა. მეორე ტაიმში სამი დამატებითი დროის შემდეგ მოთამაშე ხორვატია დაიღალა, პრესინგისთვის ენერგია აღარ ეყო და ფრანგებმაც თავისუფალი სივრცეების პოვნა დაიწყეს. სწორედ ასე გავიდა მესამე და მეოთხე გოლები.

ეს მსოფლიოს ჩემპიონატი გულშემატკივართა საყოველთაო აღიარების მიხედვით სანახაობრივი თვალსაზრისით საუკეთესო არ ყოფილა.  ის ძირითადი ტაქტიკური ტენდენციები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ (ბურთს ფლობაზე უარის თქმა, სტანდარტების როლის ზრდა და ა.შ.) თამაშის სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად აისახა.

არც საფრანგეთი ყოფილა ის გუნდი, რომელსაც ნეიტრალური გულშემატკივარი წლების მერე აღტაცებით გაიხსენებს. თუმცა, ფეხბურთი მუდამ განვითარებადია. 2018 წლის მუნდიალზე დაცვითი ასპექტი გაძლიერდა, რასაც ალღო ყველაზე უკეთ მოქმედმა ჩემპიონმა აუღო. ახლა, ჯერი შემტევ გუნდებზეა, როგორ შეძლებენ ისინი, გასაღები მოარგონ ამ ტიპის თამაშს.

კომენტარები

ბოლო ამბები