Thumbnail

ბრაზილიამ ტრადიცია დაარღვია - ნაკრებს ყატარის მუნდიალზეც ტიტე გაუძღვება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 57 წლის სპეციალისტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს კიდევ 4 წლით უხელმძღვანელებს
  • ტიტე პირველი მწვრთნელია, ვისაც ბრაზილიელებმა მუნდიალზე წარუმატებლობა აპატიეს

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან ტიტესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ CBF-ის ოფიციალური საიტი იუწყება.

მიუხედავად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ¼-ფინალში, ბელგიის ნაკრებთან მარცხისა (1:2), 57 წლის სპეციალისტს 4-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომელიც ყატარში 2022 წელს გასამართი მუნდიალის ბოლომდეა გათვალისწინებული.

ანალოგიური ვადით გაუხანგრძლივდა კონტრაქტი ნაკრების სელექციონერ ედუ გასპარს.

ტიტე ბრაზილიის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის და მის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელიც თანამდებობიდან არ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება ვერ შეძლო.

ნაკრებში ტიტეს დანიშვნიდან პირველად, "პენტაკამპეონებმა" ერთ მატჩში ორი გოლი სწორედ ბელგიელებთან შეხვედრაში გაუშვეს. საერთო ჯამში, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 26 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 2 დათმო.

ტიტეს რუსეთში განცდილი წარუმატებლობა შერჩა

"ამ სამწვრთნელო შტაბმა, პირველი დღიდან აქამდე გაწეული სამუშაოს განმავლობაში, ტალანტი, კომპეტენტურობა და თავდადება გამოავლინა", - განაცხადა CBF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა როჟერიო კაბოკლომ.

ტიტემ კი აღნიშნა, რომ კონფედერაციის ხელმძღვანელობასა და გუნდს შორის ნდობაზე აგებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც წინსვლას ხელს შეუწყობს.

"CBF ყველა პირობას გვიქმნის საიმისოდ, რათა შედეგს მივაღწიოთ და ჩვენც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით შრომას. ჩვენთვის ეს გამოწვევაა და სიხარულით ვიღებთ მას. ახლა მთელი ყურადღება მომავალ თამაშებსა და ტურნირებზე უნდა გავამახვილოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები