Thumbnail

სამტრედიის ყოფილი ლეგიონერი: ეს იყო ყველაზე ცუდი გამოცდილება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 28 წლის ლუკას ვეილს ბევრ ქვეყანაში უთამაშია
  • ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ქართულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა

ჰოლანდიურ სპორტულ ვებგვერდზე www.voetbal247.nl გამოქვეყნდა საინტერესო მასალა, რომელიც ჰოლანდიელ ფეხბურთელს, ვინსენტ ლუკას ვეილს და მის საქართველოში მოგზაურობას ეხება. ვეილი სამტრედიაში ირიცხებოდა და ქართული გუნდი ივნისში დატოვა.

28 წლის ლუკას ვეილმა კარიერაში არაერთი გუნდის ფორმა მოირგო და ბევრ ქვეყანაშიც იმოგზაურა. თამაშობდა მალაიზიაში, დანიაში, ესპანეთში, ჰონგ კონგში, კარიერის საწყის წლებში კი ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა.

ლუკას ვეილმა სამტრედიის რიგებში 11 მატჩი გამართა, აქედან 10 ეროვნულ ლიგაში და 1 საქართველოს თასზე. ჰოლანდიელის ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც მან თბილისის დინამოს გაუტანა.  

ლუკას ვეილმა სამტრედიასა და საქართველოზე ჰოლანდიურ მედიას მოუყვა

ლუკას ვეილის კარიერის ქართული ეტაპი წარუმატებელი გამოდგა და ამაზე ფეხბურთელმა ჰოლანდიურ მედიასთან ისაუბრა:

“ჩემმა ინგლისელმა აგენტმა სამტრედია ამბიციურ კლუბად წარმოაჩინა, რომელმაც ევროსაგზური მოიპოვა და მეც დავთანხმდი ამ გუნდში გადასვლას. ჩემი ქართული კარიერა თურქული შეკრებით დაიწყო, სადაც პირველმა პრობლემებმა იჩინა თავი, რადგან ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს ებრძოდნენ. 

საქართველოში რომ დავბრუნდით, პატარა ქალაქის, სამტრედიის სტადიონზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და ამიტომ, გარკვეული პერიოდი თბილისში დავყავით. ლეგიონერებმა ეს სიახლე სიხარულით მივიღეთ, რადგან სამტრედია პატარა და მოსაწყენი ქალაქია, რომელიც მოწყვეტილია თანამედროვე ცხოვრების წესს. 

თბილისში კარგ ბინაში ვცხოვრობდი, თუმცა შემდეგ სამტრედიაში დავბრუნდით და ყველაფერი აირია. არც საცხოვრებელი პირობები მომწონდა და გუნდშიც არაჯანსაღმა ატმოსფერომ დაისადგურა. მწვრთნელს და ფეხბურთელებს შორის ხელჩართულ ჩხუბს 3-ჯერ შევესწარი. სად არ მითამაშია, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს. ეს იყო ყველაზე ცუდი გამოცდილება. ასეთ პირობებში ყოფნა აღარ მინდოდა და კლუბთან კონტრაქტი ჩემი ინიციატივით გავწყვიტე”.  

კომენტარები

ბოლო ამბები