Thumbnail

ედინსონ კავანი 'ბერნაბეუს' დაამშვენებდა | რეალი პარი სენ-ჟერმენს არ ეშვება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალი 31 წლის ურუგვაელი თავდამსხმელის ტრანსფერზე დაფიქრდა
  • თავად პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ესპანეთში გადაბარგების წინააღმდეგი არაა

მადრიდის რეალი, რომელიც იუვენტუსში გადასული კრიშტიანო რონალდოს შემცვლელს ეძებს, შემადგენლობის გასაძლიერებლად პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელის ედინსონ კავანის დამატების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ AS იუწყება, რომლის ცნობით, თავად ურუგვაელი ფეხბურთელი მადრიდში გადაბარგების წინააღმდეგი არაა. 

მანამდე "სამეფო კლუბი" პარიზელთა სხვა მოთამაშეების - კილიან მბაპესა და ნეიმარის ტრანსფერზე ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელებმა პსჟ-ში დარჩენის სურვილი გამოთქვეს, კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ კი განაცხადა, რომ მბაპე და ნეიმარი არ იყიდებიან.

წყაროს ცნობით, ახლა რეალი კავანის ტრანსფერზე ფიქრობს, ალ-ხელაიფი კი ურუგვაელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

პსჟ-ში კავანისა და ნეიმარის ურთიერთობაზე იდეალური ნამდვილად არ ითქმის

ედინსონ კავანი ფრანგულ გუნდში 2013 წლიდან გამოდის, სადაც ნაპოლიდან 65 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ამჟამად ურუგვაელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი, რომელიც წინა სეზონში გაახანგრძლივა, 2020 წლამდე აკავშირებს. ასაკის გათვალისწინებით, პსჟ მას 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად უნდა შეელიოს.  

რეალსა და პსჟ-ს შორის გარიგებაში პრობლემური საკითხი შესაძლოა კავანის ხელფასის ოდენობა გახდეს, რომელიც პარიზში სეზონში 12 მილიონს (პლუს 2 მილიონი ბონუსი) შეადგენს. საეჭვოა, მადრიდელები ურუგვაელს ამდენს დაპირდნენ, მაგრამ სამაგიეროდ, ტრანსფერის შემთხვევაში, ფეხბურთელს დანაკლისის ანაზღაურების შესაძლებლობა სარეკლამო კონტრაქტების გაზრდილი პროცენტებიდან ექნება.

31 წლის ედინსონ კავანიმ გასულ სეზონში პარი სენ-ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 48 მატჩში 40 გოლი გაიტანა, შემდეგ კი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი, სადაც ოთხ შეხვედრაში სამი გოლი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები