- ნახევარფინალი: საქართველო 34:45 სამხრეთ კორეა
- მატჩი მესამე ადგილისთვის: საქართველო 36:45 უნგრეთი
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია. აქამდე, ქართულ გუნდს ასეთი მაღალი შედეგი არასდროს ჰქონია.
მერვედფინალში აშშ-ს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ქართველმა მოფარიკავეებმა სენსაციურად დაამარცხეს მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდი, ირანი და ნახევარფინალში გავიდნენ. ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო რეიტინგის ლიდერ სამხრეთ კორეასთან 34:45 დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში უნგრეთს დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ნაკრებმა უნგრელებთან ბოლომდე იბრძოლა, თუმცა 36:45 დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სანდრო ბაზაძის ბრწყინვალე თამაში - საქართველოს ნაკრების ლიდერმა შესანიშნავად იასპარეზა, უნგრელებთან 13-ქულიანი ჩამორჩენა შეამცირა და შედეგად, საქართველოს ნაკრები 9 ქულით დამარცხდა. მართალია, ქართველმა მოფარიკავეებმა მედლები ვერ მოიპოვეს, მაგრამ არაერთი სენსაცია მოახდინეს და მთლიანობაში, დიდ წარმატებას მიაღწიეს.
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და ამ წარმატების შემდეგ, სავარაუდოდ საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდება.
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია.
კომენტარები