Thumbnail

ოქროს მედალი და ფოლადის რელსი კვერკველიას | საბა საუკეთესოთა შორის საუკეთესოა!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვის ლოკომოტივის მცველი რუსეთის საჩემპიონო ოქროს მედლით დააჯილდოვეს
  • კლუბის გულშემატკივრებმა 26 წლის მცველი სეზონის საუკეთესოდ მოთამაშედ აღიარეს

საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი საბა კვერკველია, რომელმაც ამ გაზაფხულზე მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა იზეიმა, ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამასთან, ქართველი ლოკომოტივის გულშემატკივრებმა ხმისმიცემის შედეგად საჩემპიონო სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

რუსეთის ჩემპიონების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 23 ივლისს, ჩერკიზოვოში (მოსკოვის რაიონი) მდებარე კლუბის საშინაო სტადიონზე გაიმართა და მას კლუბის გულშემატკივრებიც დაესწრნენ.

საბამ ლოკომოტივთან ერთად წინა სეზონში რუსეთის თასი მოიგო, წელს - ჩემპიონობა

საბა კვერკველიას არამხოლოდ საჩემპიონო ოქროს მედალი ერგო. ღონისძიებაზე ის კლუბის ფანატებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და მას სპეციალური ჯილდო - "ფოლადის რელსი" გადასცეს. ტრადიციისამებრ, კვერკველია გულშემატკივრებმა დახურულ შეხვედრაზე გულახდილად სასაუბროდ მიიწვიეს, რაზე საბამ თანხობა განაცხადა.

მოსკოვის ლოკომოტივმა რუსეთის 2017/18 წლების ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. საბამ ჩემპიონატის 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

საბა კვერკველია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ - 2014 და 2017 წლებში დასახელდა. 

ამ ზაფხულს TRANSFERMARKT-ზე საქართველოს ნაკრების მცველის პირობითმა ფასმა 8 მილიონ ევროს მიაღწია.

დაიწერა, რომ მოსკოვის "რკინიგზელთა" ქართველი მცველის ტრანსფერით არაერთი კლუბი, მათ შორის ინგლისური ლესტერია დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები