Thumbnail

გერმანია იოზილის წინააღმდეგ - თურქი პოლიტიკოსები: მესუთმა ფაშიზმს გოლი გაუტანა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ისტორიული სკანდალი გერმანულ ფეხბურთში
  • იოზილი ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდა
  • გერმანელებმა მესუთის განცხადებები გააანალიზეს
  • თურქი პოლიტიკოსები აღფრთოვანებულები არიან

მესუთ იოზილმა გერმანიის ნაკრები დატოვა. თუმცა ამ ერთი წინადადების მიღმა დიდი ამბებია. ბუნდესგუნდიდან უამრავი ფეხბურთელი წასულა, მაგრამ ასე სკანდალურად - ფაქტობრივად არავინ!

გერმანიაში ჯერ მარტო ის არ მოეწონათ, რომ იოზილმა გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება ინგლისურ ენაზე გააკეთა. გარდა ამისა, მან 3 წერილი გამოაქვეყნა - გერმანული ტაბლოიდი “ბილდი” წერს, 3-ნაწილიანი კრიმინალური სერია გამოუვიდაო.

იოზილმა წერილები საკმაოდ დიდი პაუზებით გამოაქვეყნა. წერილებში წერს, რა არ მოსწონდა გერმანიის საფეხბურთო კავშირში, რა ეწყინა გერმანული მედიისგან, უპირისპირდება სპონსორებს და თავის ბავშვობის სკოლასაც კი. მოკლედ, იოზილმა გააკრიტიკა ყველა და ყველაფერი - საკუთარი თავის გარდა.

იოზილის დიდი წერილების მოკლე შინაარსი ასეთია: ერთადერთი, ვისაც შეცდომა არ დაუშვია, მე ვარ!

მესუთის წერილებს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. გერმანიაში განსაკუთრებით ცუდად მიიღეს ერთი გზავნილი: “როცა ვიგებთ, გერმანელი ვარ. როცა ვაგებთ - ემიგრანტი.” ასევე ცუდი გამოხმაურება აქვს იოზილის სიტყვებს, სადაც ის ამბობს, “ისე ცუდად მომექცნენ, რომ გერმანიის ნაკრების ფორმის ჩაცმა აღარ მინდაო”.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა იოზილის წერილებიდან ყველაზე მძაფრი აბზაცები გაანალიზეს.

იოზილი: “მართალია, გერმანიაში გავიზარდე, მაგრამ ჩემი ფესვები თურქეთშია. ორი გული მაქვს - ერთი გერმანულია, მეორე - თურქული. დედაჩემმა მასწავლა, არასდროს დავივიწყო, საიდან მოვდივარ. ერდოღანთან ფოტოს გადაღებისას საქმე პოლიტიკას კი არ ეხებოდა, არამედ იმას, რომ პატივს ვცემ ჩემი ოჯახის ქვეყნის პირველ პირს.”

ბილდის ანალიზი: იოზილი საკუთარ “ღირებულებებს” უსვამს ხაზს, მაგრამ იგნორირებას უკეთებს იმას, რომ ერდოღანი გერმანიისა და თურქეთის ღირებულებების წინააღმდეგია. ერდოღანს თურქეთი ისლამური დიქტატურისკენ მიჰყავს, ის თავისუფალი მედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგია. ერდოღანმა გერმანელი და თურქი ჟურნალისტები პირდაპირ ციხეში ჩასვა იმის გამო, რომ ისინი მას აკრიტიკებდნენ. იოზილს თავის წერილებში ამ თემაზე ერთი სიტყვაც არ დაუწერია.

ანგელა მერკელი ყველა წარმატებას პირველ რიგში იოზილს ულოცავდა ხოლმე...

იოზილი: “ამ, ან წინა არჩევნების მიუხედავად, ამ ფოტოს მაინც გადავიღებდი.”

ბილდის ანალიზი: “გერმანიაში ერდოღანმა საუკეთესო შედეგი მიიღო. მართალია, ეს მხოლოდ იოზილთან გადაღებული ფოტოს გამო არ მომხდარა, მაგრამ ამ ფოტოს დიდი როლი ჰქონდა. მესუთი მას ფაქტობრივად დაეხმარა საარჩევნო კამპანიაში. განსაკუთრებით აბსურდულია ის ფაქტი, რომ თურქებმა, რომლებიც გერმანიაში, თავისუფლებაში ცხოვრობენ, თურქეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დიქტატორი აირჩიეს. იოზილს კი არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ ამაში თავისი წვლილი შეიტანა.

იოზილი: “ჩემთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ მედია მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობას ჩემს თურქულ წარმოშობას და ერთ ფოტოს აბრალებს.”

ბილდის ანალიზი: არცერთ გერმანულ გაზეთს, ვებ-გვერდს ან ტელევიზიას არ დაუსახელებია გერმანიის ნაკრების კრახის მიზეზად იოზილის თურქული ფესვები. ეს ყველაფერი მესუთის ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც ცდილობს, რომ ხალხს თავი რასისტული უსამართლობის მსხვერპლად მოაჩვენოს.

იოზილი: “რატომ გამოიყენა მედიამ ჩემი სახელი და ერდოღანთან გადაღებული ფოტო გერმანიის ნაკრების კრახის ასახსნელად?”

ბილდის ანალიზი: იმიტომ, რომ იოზილი გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა, რომელმაც მუნდიალზე ძალიან ცუდად ითამაშა, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ბუნდესგუნდმა რუსეთში ისტორიული კრახი განიცადა.”

იოზილი: “მედია აკრიტიკებდა არა ჩემს თამაშს, არამედ ჩემს თურქულ ფესვებს… გაზეთებმა გერმანიის ჩემს წინააღმდეგ ამხედრება სცადეს.”

ბილდის ანალიზი: კიდევ ერთი ტყუილი. ყველა სერიოზულმა გამოცემამ იოზილის თამაში გააკრიტიკა და სავსებით სამართლიანად. არცერთ სერიოზულ გამოცემას არ გაუკრიტიკებია მესუთი იმის გამო, რომ ის წარმოშობით თურქია. იოზილი აბსოლუტურად უმიზეზოდ ადანაშაულებს გერმანულ მედიას რასიზმში.

იოზილი: “იმედგაცრუებული ვარ, რადგან მედია სუბიექტურია. ლოთარ მათეუსი სხვა პოლიტიკურ “ფიურერს”, პუტინს შეხვდა, მაგრამ ამის გამო თითქმის არავინ გააკრიტიკა. თუკი მედიაში ფიქრობენ, რომ მე გერმანიის ნაკრებიდან უნდა მოვიკვეთო, მათეუსი არ იმსახურებს იმას, რომ გერმანიის ნაკრების საპატიო კაპიტნის წოდება ჩამოართვან? იქნებ, ჩემი თურქული წარმოშობის გამო, მე უბრალოდ უკეთესი მიზანი ვარ?”

ბილდის ანალიზი: პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ერდოღანთან ფოტოს გადაღებისა, არცერთ გერმანულ მედიას იოზილის ნაკრებიდან მოკვეთა არ მოუთხოვია. ლოთარ მათეუსი კი, პუტინთან შეხვედრის გამო, “ბილდმაც” საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა.

იოზილი: “გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა მუნდიალის შემდეგ თქვა, რომ ჩემგან ახსნა-განმარტებას ელოდა, მაგრამ მე ამ ყველაფერს მის გამო კი არ ვწერ, არამედ იმის გამო, რომ მე მინდა ასე. აღარ მინდა, რომ მისი არაკომპეტენტურობის გამო მე დამადანაშაულონ. გრინდელის და მისი მხარდამჭერების აზრით, როცა ვიგებთ, გერმანელი ვარ და როცა ვაგებთ, ემიგრანტი. არსებობს ნაღდი გერმანელობის რაიმე კრიტერიუმი, რომელსაც ვერ ვასრულებ? იქნებ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მე მუსულმანი ვარ? მე გერმანიაში დავიბადე და გავიზარდე. რატომ არ მიიღო ხალხმა ის, რომ გერმანელი ვარ?

ბილდის ანალიზი: “იოზილი გერმანიის საფეხბურთო კავშირს რასიზმსა და ანტი-ისლამურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა! ერთ მხარესაა დიქტატორის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და მეორე მხარეს გერმანიის საფეხბურთო კავშირისა და იმ ქვეყნის ღირებულებები, რომლის სახელითაც იოზილი თამაშობდა. გერმანიის საფეხბურთო კავშირს იოზილის საქციელზე საკმაოდ რბილი რეაქცია ჰქონდა.

იოახიმ ლიოვი, მესუთ იოზილი, რაინჰარდ გრინდელი, ილქაი გიუნდოგანი და ოლივერ ბირჰოფი

იოზილი: “თუ გერმანიის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები ჩემს თურქულ წარმოშობას პატივს არ სცემენ და მე პოლიტიკური პროპაგანდისთვის მიყენებენ, მაშინ ეს ყველაფერი უკვე საკმარისია! ეს არ არის ის, რისთვისაც ფეხბურთს ვთამაშობ. რასიზმი ყველგან და ყოველთვის მიუღებელია.”

ბილდის ანალიზი: ეს არ არის მხოლოდ გრინდელისკენ მიმართული ბრალდება, იოზილი მთელ ქვეყანას ადანაშაულებს. იოზილს ისე გამოსდის, რომ ის “რასისტი” გრინდელისგან არავინ დაიცვა. ეს არის დარტყმა მილიონობით ფანისთვის, რომლებიც მას ტაშს უკრავდნენ. და დარტყმა მათთვის, ვინც მას სწორედ რასიზმისგან იცავდა.

თურქმა პოლიტიკოსებმა იოზილი შეაქეს!

სამაგიეროდ, მესუთ იოზილი თურქმა პოლიტიკოსებმა შეაქეს! აი, რა დაწერა თურქეთის სპორტის მინისტრმა მეჰმეთ კასაპოღლუმ ტვიტერზე კვირას საღამოს: “მთელი გულით მხარს ვუჭერთ ჩვენი ძმის, მესუთ იოზილის პატივსაცემ დამოკიდებულებას.”

თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამით გიული: “ვულოცავ მესუთ იოზილს, რომელმაც გერმანიის ნაკრებიდან წამოსვლით ფაშისტურ ვირუსს ულამაზესი გოლი გაუტანა.”

სკანდალს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი თეო ცვანციგერიც გამოეხმაურა: “გული მტკივა იოზილის გადაწყვეტილების გამო. როდესაც კონფლიქტი ხდება, ორივე მხარე მაქსიმალურად სწრაფად უნდა ეცადოს მის მოგვარებას და, თანაც, დიალოგით. გერმანიის საფეხბურთო კავშირს ეს კონფლიქტი მუნდიალამდე უნდა მოეგვარებინა,” - განაცხადა 73 წლის ცვანციგერმა, რომელიც გერმანულ ფეხბურთს 2004-დან 2012 წლამდე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები