Thumbnail

ცხადაძის 'შურისძიება' | ყაზახეთში დაბრუნებულმა მწვრთნელმა ქაირათი დაამარცხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ორდაბასიმ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა
  • შიმკენტში გამართული შეხვედრა ქართველი მწვრთნელისთვის გამორჩეული იყო

კახა ცხადაძემ ყაზახეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა სპეციალისტმა, რომელიც ამჟამად ორდაბასის წვრთნის, შიმკენტში გამართულ მე-19 ტურის შეხვედრაში თავისი ყოფილი გუნდი ალმათის ქაირათი დაამარცხა - 2:1.

ქაირათს ამჟამად ესპანელი კარლოს ფერერი წვრთნის, ვინც შარშან ივლისში, გუნდის თავკაცის პოსტზე სწორედ კახა ცხადაძე შეცვალა.

რაც შეეხება მატჩს, მასპინძლები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კი ალმათელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გამარჯვების გოლი ცხადაძის შეგირდებმა მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე, 11-მეტრიანით გაიტანეს.

ორდაბასიმ ქაირათთან მიზანს სტანდარტულების გამოყენებითა და დაცვაში კარგი თამაშით მიაღწია

თავის ყოფილ გუნდთან გამარჯვების შემდეგ ცხადაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ბიჭებმა ძალიან კარგად იშრომეს. ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ. მეტოქემ ორი თავდამსხმელით ითამაშა და მნიშვნელოვანი იყო, მათი შეჩერება. ვფიქრობ, ამას თავი გავართვით. აქცენტი კარგ დაცვაზე, სტანდარტულებსა და კონტრშეტევებზე გავამახვილეთ. ვფიქრობ, ამან გაამართლა. მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების, ისინი ნამდვილი ვაჟკაცები არიან. მიუხედავად ყველა სირთულისა, მათ აჩვენეს, რომ პროფესიონალები არიან. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ყველაფერი დალაგდება და ბიჭებიც დამშვიდდებიან. რთული დღეების შემდეგ, ზედიზედ ორი გამარჯვება ვიზეიმეთ. ძალიან გახარებული ვართ და ასე გავაგრძელებთ".

ჩიხრაძე და ცხადაძე ორდაბასიშიც ერთად არიან

49 წლის სპეციალისტი ყაზახეთში სამუშაოდ ივნისში დაბრუნდა და არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენილი შიმკენტის გუნდი ჩაიბარა.

ცხადაძის ხელმძღვანელობით, რომლის სამწვრთნელო შტაბში გიორგი ჩიხრაძეც შედის, ორდაბასიმ ჯამში ჩემპიონატში 6 შეხვედრა ჩაატარა, 3 დათმო და 3 მოიგო.

ეს კახა ცხადაძის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ყაზახეთის ჩემპიონატში. წინა ტურში მისმა გუნდმა წარმატებას პავლოდარში გასვლით შეხვედრაში მიაღწია (2:1).

ახლა ორდაბასის 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომავალ ტურში კი 27 ივლისს, შინ ჟეტისუს მიიღებს. 

კახა ცხადაძეს სხვადასხვა დროს თბილისის ლოკომოტივსა და დინამოში, ბოლნისის სიონში, ბაქოს სტანდარდსა და ინტერში უმუშავია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი 2015/16 წლებში წვრთნიდა.

ცხადაძის ბოლო სამუშაო ადგილი ალმათის ქაირათი იყო (2016-2017 წლებში). მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2016 წელს ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი, 2017-ში კი ყაზახეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები