Thumbnail
  • სებასტიან ფეტელი დიდხანს ლიდერობდა, მაგრამ რბოლა ვერ დაასრულა
  • გერმანიის გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო

გერმანიის გრანპრი უკიდურესად დრამატული გამოდგა! 46 წრის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს სებასტიან ფეტელი მორიგ ტრიუმფს იზეიმებდა, მაგრამ მერე მოვიდა წვიმა და ფერარის 31 წლის გერმანელ პილოტს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა!

ასე გამოეთიშა რბოლას სებასტიან ფეტელი

საბოლოოდ, ჰოკენჰაიმზე გამარჯვებული ლუის ჰემილტონი გამოვიდა, რომელმაც სტარტი მე-14 (!) პოზიციიდან აიღო, რაც, წვიმისა და ქაოსური რბოლის გათვალისწინებით, სერიოზული გმირობის ტოლფასია. მეორე ადგილი ბრიტანელის თანაგუნდელმა (მერსედესი) ვალტერი ბოტასმა დაიკავა, მესამე კი - კიმი რაიკონენმა (ფერარი).

“დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს რბოლა მოვიგე! ფანტასტიკური ბოლიდი მყავს! ვიცოდი, რომ როცა წვიმა დაიწყებოდა, ჩემთვის ყველაფერი კარგად იქნებოდა!” - განაცხადა რბოლის შემდეგ ჰემილტონმა.

ფეტელი, რომელიც დიდხანს გამოყენებული სოფთ-საბურავებით მოძრაობდა, რბოლას 53-ე წრეზე (სულ 67 წრე) გამოეთიშა - ბოლიდი ყველაზე სველ ადგილზე მოუსრიალდა! “ზედაპირი ძალიან სველი იყო. სამწუხაროდ, გვიან დავამუხრუჭე და უკანა ბორბლები დაიბლოკა. ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს იყო პატარა შეცდომა, რომელმაც რბოლის შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია. ვფიქრობ, ამაზე უარესი შეცდომებიც დამიშვია. ერთადერთი ის მახარებს, ძალიან მაგარი ბოლიდი გვყავს,” - აღნიშნა ფეტელმა მოგვიანებით RTL-თან ინტერვიუში.

ამ გამარჯვებით ჰემილტონმა (188 ქულა) საერთო ჩათვლაში ლიდერობაც დაიბრუნა და ახლა ფეტელს (171 ქულა) 17 ქულით უსწრებს! 

აღსანიშნავია, რომ ჰოკენჰაიმზე რბოლას 71 000 მაყურებელი დაესწრო, რაც მიხაელ შუმახერის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია!

ჰემილტონი გამარჯვებას და ლიდერობის დაბრუნებას ზეიმობს

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 188

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 171

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 131

4. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 122

5. დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) - 106

6. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 105

7. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო, გერმანია) - 52

8. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, ესპანეთი) - 40

9. კევინ მაგნუსენი (ჰაასი, დანია) - 39

10. სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) - 32

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 310

2. ფერარი - 302

3. რედ ბული - 211

4. რენო - 80

5. ფორს ინდია - 63

6. ჰაასი - 55

7. მაკლარენი - 48

8. ტორო როსო - 20

9. ალფა რომეო ზაუბერი - 18

10. უილიამსი - 4

კომენტარები

ბოლო ამბები