Thumbnail

წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან დიდი ანგარიშით წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 3:14 იტალია
  • საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში მე-3 მატჩი გამართა და მორიგი მარცხი იწვნია. რევაზ ჩომახიძის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ იტალიასთან 3:14 წააგო. 

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი იტალიელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა. პირველი მეოთხედი იტალიელებმა მშრალი ანგარიშით მოიგეს და 3 ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეცვლილა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ერთი გოლი გაიტანა: თავი კაპიტანმა, ზურაბ რურუამ გამოიჩინა. შედეგად, პირველი ტაიმი იტალიელებმა 6:1 მოიგეს. 

თამაში იტალიელთა სრული უპირატესობით წარიმართა

მეორე ტაიმი იგივე სცენარით გაგრძელდა. ქართველმა წყალბურთელებმა თითო მეოთხედში თითო გოლი გაიტანეს, თავი კი გიორგი მაგრაქველიძემ და ზურაბ რურუამ გამოიჩინეს, რომელმაც დუბლი შეასრულა. იტალიამ კიდევ 8 გოლი გაიტანა და საბოლოოდ, 14:3 დაამარცხა მეტოქე.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში იასპარეზა, სადაც უნგრეთს, გერმანიას და იტალიას უწევდა კონკურენციას. სამწუხაროდ, ჩომახიძის გუნდმა სამივე მატჩი წააგო და პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და მე-13 ადგილისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრებმა იტალიას 3-ჯერ გაუტანა

 

კომენტარები

ბოლო ამბები