Thumbnail

სკანდალი: წიტაიშვილი ძიუბას არ უნდა ბაძავდეს! უკრაინა გიორგის ჟესტმა აღაშფოთა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიორგის გოლით უკრაინამ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთს მოუგო
  • 17 წლის ფეხბურთელმა წარმატება რუსეთის ნაკრების ფორვარდის ჟესტით აღნიშნა
  • ამ ფაქტს უკრაინელი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების მხრიდან რეაქცია მოყვა
  • გიორგი წიტაიშვილი მომხდართან დაკავშირებით თავის მართლებას არ აპირებს

წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კლიმენტი წიტაიშვილის 17 წლის ვაჟი გიორგი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, კიევის დინამოს ღირსებას იცავს და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის თანატოლთა ჩემპიონატზე გამოდის, სკანდალში გაეხვა.

უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთში მიმდინარე ფინალურ ტურნირზე, B ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში საფრანგეთის თანატოლთა გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო. იმ შეხვედრაში კი ანგარიში წარმომავლობით ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა, რომელმაც მოგვიანებით საგოლე პასიც მიითვალა.

ფრანგების საჯარიმოში მყოფმა გიორგიმ მე-13 წუთზე, მარჯვენა ფრთიდან თანაგუნდელის პასი მიიღო, ერთი მოძრაობით მცველი ჩამოიშორა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. მოგვიანებით, 86-ე წუთზე მანვე გრძელი გადაცემით თანაგუნდელ სერგეი ბულეცას გაატანინა.

წიტაიშვილმა გოლი იმ ჟესტით აღნიშნა, რომელიც რუსეთის ნაკრების ფორვარდმა არტიომ ძიუბამ მუნდიალის შეხვედრაში გამოიყენა. ამან უკრაინელ გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელში ფაქტს უკრაინელი ჟურნალისტი კონსტანტინ ანდიუკიც გამოეხმაურა:

"არცკი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ნუთუ შეიძლება დაუშვა, რომ უკრაინელი წიტაიშვილისთვის ფეხბურთელის ეტალონი ძიუბაა. არც ბელგიელი დე ბრუინი, არც ხორვატი მოდრიჩი, არც ფრანგი მბაპე, რომელიც სულ ერთი წლითაა თავად წიტაიშვილზე უფროსი და უკვე მსოფლიოს ჩემპიონი და ნაკრების ლიდერია. არა. მისთვის ძიუბა უფრო ახლობელი, მშობლიური და საყვარელია. თუკი ესაა წიტაიშვილის იდეალი, მის საფეხბურთო მომავალზე პროგნოზის გაკეთება უკვე გამიჭირდება".

სხვათა შორის, ანდრიუკს რამდენიმე უკრაინელი სპორტული ჟურნალისტი არ დაეთანხმა, რომლებმაც კომენტარში დაუწერეს, რომ ამ სტილში გოლს მხოლოდ ძიუბა არ აღნიშნავს და არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც მსგავსი ჟესტით გამოხატავენ წარმატებას.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი თავად გიორგიმაც გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ფაქტის გამო თავის მართლებას არ აპირებს:

"თავის მართლებას არ დავიწყებ იმათ წინაშე, ვინც ვერ მიხვდა, ასე რატომ ვიზეიმე. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ცუდი ვარ, მაგრამ ვერ გავიგე, რა გინდათ. ყველაფერი გავიღეთ გამარჯვებისთვის, მაგრამ მაინც გამოძებნეთ რაღაც სალაპარაკო და ატეხეთ ხმაური. ვისაც საქმე არაფერი გაქვთ, წერეთ, რაც გსურთ. მე ვემზადები მომავალი თამაშისთვის, როგორც მთელი გუნდი. ამ ყველაფერს კი ყურადღებას არ ვაქცევ", - აქვეყნებს წიტაიშვილის ნათქვამს football.ua.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, B ჯგუფის მეორე შეხვედრას უკრაინის ნაკრები დღეს ინგლისთან ჩაატარებს, რომელმაც მანამდე თურქეთს ანგარიშით 3:2 სძლია.

კლიმენტი წიტაიშვილი, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, საქართველოს გარდა, ისრაელისა და კვიპროსის გუნდებში გამოდიოდა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ანორთოსისთან ერთად მან 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ისრაელშია დაბადებული, უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს. 17 წლის ფეხბურთელს უკვე ჰქონდა დებიუტი კიევის დინამოს მთავარ გუნდში.

კომენტარები

ბოლო ამბები