- ლუის ჰემილტონის შემდეგ, კონტრაქტი ვალტერი ბოტასმაც გააგრძელა
- ფინელი მერსედესში მინიმუმ ერთი წლით რჩება
მერსედესი ფორმულა 1-ის მომავალი სეზონისთისაც დაკომპლექტებულია: ლუის ჰემილტონის შემდეგ, კონტრაქტი ვალტერი ბოტასმაც გაახანგრძლივა. 28 წლის ფინელი მრბოლელი მერსედესში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს. მერსედესში ეს ინფორმაცია ოფიციალურად დღეს, გერმანიის გრანპრის წინ დაადასტურეს. ბოტასმა 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
“ვალტერი ბოტასმა ამ სეზონში ბრწყინვალე შედეგები აჩვენა. ის იდეალურად ერგება როგორც ჩვენს გუნდს, ისე ლუის ჰემილტონსაც. ვფიქრობთ, ჰემილტონისა და ბოტასის ტანდემი ჩვენთვის იდეალურია საიმისოდ, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ,” - განაცხადა მერსედეს-მოტორსპორტის შეფმა ტოტო ვოლფმა.

ბოტასი ამ სეზონში მართლაც სტაბილურად კარგად ასპარეზობს, თუმცა სხვადასხვა დეფექტების გამო, რბოლა ჯერ არ მოუგია. “ფაქტია, რომ წელს უფრო კარგად ვასპარეზობ, ვიდრე 2017-ში. უფრო სწრაფი ვარ და ლუისსაც მივუახლოვდი. სამწუხაროდ, პროგრესი შედეგში ისე ვერ აისახა, როგორც გვსურდა, მაგრამ გუნდში პროგრესს ხედავენ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,” - აცხადებს ვალტერი ბოტასი.
21 რბოლიდან 10 უკვე ჩატარებულია - გერმანიის გრანპრის წინ ბოტასი 104 ქულით მე-5 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ბოტასმა მერსედესში ყოფილი ჩემპიონი ნიკო როსბერგი 2017 წლის დასაწყისში შეცვალა. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, 2019 წლის სეზონისთვის ექვსიდან 4 ტოპ-კოკპიტი დაკავებულია. ჰემიტონთან ერთად, 2020 წლამდე აქვთ კონტრაქტი სებასტიან ფეტელს (ფერარი) და მაქს ფერსტაპენს (რედ ბული).
კომენტარები