Thumbnail

'ეს მატჩი ყველაფერს ცვლის' - პოლ პოგბას საოცარი სიტყვა მუნდიალის ფინალის წინ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რა ხდებოდა ფრანგთა გასახდელში ფინალის წინ
  • პოლ პოგბას სიტყვა 

Caño Football-ის ტვიტერის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თუ რა ხდებოდა 15 ივლისს, მუნდიალის ფინალური მატჩის წინ საფრანგეთის ნაკრების გასახდელში. შეგახსენებთ, რომ ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა 4:2 მოუგო ხორვატიას და ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ მოძღვრავს თანაგუნდელებს არა გუნდის თავკაცი დიდიე დეშამი, არა კაპიტანი უგო ლორისი, არამედ ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა. 25 წლის ფეხბურთელმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ მათ სულ რაღაც 90 წუთი აშორებდათ ფეხბურთის ისტორიაში შესვლისგან.

პოგბას სიტყვა მატჩის წინ

"ბიჭებო, ბევრს არ ვილაპარაკებ. ყველამ კარგად ვიცით, სად ვართ; ყველამ კარგად ვიცით, რაც გვსურს; ჩვენ ვიცით, რამდენს მივაღწიეთ უკვე. ამას კარგად აჩვენებს ჩვენი გულები, ჩვენი თვალები. მე ამას კარგად ვხედავ ბიჭებო! ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ. ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ. შესაძლოა, ამას საკუთარ თავსაც ვახსენებ. 90 წუთი გვაშორებს და შეიძლება ისტორიაში შევიდეთ, 90 წუთი! ერთი მატჩი, ერთი მატჩი. 

არ ვიცი, სულ რამდენი მატჩი გვითამაშია კარიერაში, მაგრამ ეს ერთი ცვლის ყველაფერს. ის ცვლის ისტორიას. ფინალში ორი გუნდია, მაგრამ ტიტული ერთია. მათთვისაც იგივე სიტუაციაა, გამარჯვება უნდათ. ჩვენ გვახსოვს, რომ ევრო 2016-ზე ფინალი დავთმეთ. ამას საკუთარ გულებში მწარედ ვგრძნობთ. ის წაგებული თამაში ჯერ კიდევ ჩვენს გონებაშია. დღეს კი ჩვენ აღარ ვაპირებთ მეტოქისთვის იმის დათმობას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. 

ამ საღამოს მინდა ფრანგი ხალხის მოგონებებში ჩავეწეროთ, რომლებიც ახლა გვიყურებენ. მათ მოგონებებში, მათი შვილების მოგონებებში, მათი შვილიშვილების მოგონებებში. მინდა, რომ მოედანზე გავიდეთ, როგორც მებრძოლები და როგორც ლიდერები".

პოგბამ კრიტიკოსებს მუნდიალზე უპასუხა

პოლ პოგბა მსოფლიოს თასით

პოლ პოგბას ხშირად აკრიტიკებენ მედიაში, განსაკუთრებით მას მერე, რაც იგი მანჩესტერ იუნაიტედში იმ დროისთვის სატრანსფერო რეკორდის სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ ამ მუნდიალზე თამაშით 25 წლის ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ის მაღალი დონის ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია. ფინალში მოდრიჩისა და რაკიტიჩის ხორვატიის წინააღმდეგ, პოგბამ ერთ-ერთი გადამწყვეტი (ფრანგების მესამე) გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები