Thumbnail

სამტრედიამ ტობოლთან მეორე მატჩიც წააგო | ქართული გუნდი ევროპალიგას გამოეთიშა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

სენსაცია არ მოხდა: სამტრედია ტობოლთან მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა და ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

ნიკა კვეკვესკირი ტობოლის ერთ-ერთი ლიდერია

გია ცეცაძის გუნდმა პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:1 დათმო, ყაზახეთში კი 0:2 წააგო და მომდევნო ეტაპზე სწორედ ტობოლი გავიდა.

აქვე ვთქვათ, რომ ყაზახური გუნდის საყრდენ ხაზს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა ამაგრებდნენ. სრულად აკონტროლებდნენ მოედნის ცენტრს და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

პირველი ტაიმი 12 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ნიკა კვეკვესკირის ბრწყინვალე რეიდის და ზუსტი გადაცემის შემდეგ, ბაურჟან ტურიშბეკმა შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი ცხრიანში გაუშვა და გახსნა ანგარიში, 1:0.

ბაურჟან ტურიშბეკი 12' (1:0)

პირველ ტაიმში ტობოლს კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მათ შორის ერთხელ სახიფათოდ დაარტყა ყაზახური გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ, თუმცა ააცილა ბურთი მიზანს. ყველაზე რეალური მომენტი დმიტრი მიროშინენკოს ჰქონდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მიზანმა მასაც უმტყუნა. სამტრედიამ რამდენჯერმე შეუტია მწვავედ და შეეძლო გატანა, თუმცა ქართული გუნდის ფეხბურთელებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს.

ფოტოებიfctobol.kz

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. უპირატესობას ტობოლი ფლობდა, რაც კიდევ ერთ გოლში აისახა. 83-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ყაზახური გუნდის იერიში მარცხენა ფრთიდან განვითარდა, სახიფათო ჩაწოდებას კი ასლან დარაბაევის გოლი მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 2:0.

ასლან დარაბაევი 83' (2:0)  

ტობოლი 2:0 სამტრედია

გოლები: 1:0 ტურიშბეკი (12), 2:0 დარაბაევი (83)

ტობოლი: ნეპოგოდოვი, მიროშიჩენკო (75. დარაბაევი), კაშაი, ზულპა, დმიტრენკო, ბისტროვი (69. ჟარინბეტოვი), ფედინი, კვეკვესკირი, კანკავა, ნურგალიევი, ტურიშბეკი (63. ნუსერბაიევი)

საქართველო: პოგორილი, გოგიაშვილი, ფატიჩი, გურული, ბაჩიაშვილი, მამასახლისი (67. ოლაიტანი), ენდელაძე, ახალაძე (77. მესიაჩენკო), მაქაცარია (70. ხაბეიშვილი), გი, ლიპარტია

კომენტარები

ბოლო ამბები