Thumbnail
  • გამოცემამ პლანეტის უძვირფასესი 50 სპორტული კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა
  • ამერიკული ფეხბურთის ლიგის კლუბი მანჩესტერ იუნაიტედსაც ჯობნის და რეალსაც

ავტორიტეტულმა საფინანსო გამოცემა Forbes-მა პლანეტის უძვირფასესი 50 სპორტული კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალში პირველ ადგილზე, ზედიზედ მესამე წელიწადია, ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგის (NFL) კლუბი დალას კოვბოისია. ამ კლუბის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 600 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 4,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სიაში მეორე ადგილზე ინგლისური კლუბი მანჩესტერ იუნაიტედია (4,123 მილიარდი). შარშანდელთან შედარებით, მანკუნიანელთა გუნდი რეიტინგში ერთი პოზიციით ამაღლდა. მესამე კი მადრიდის რეალია (4.088).

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე არიან ბარსელონა (4,064 მლრდ) და ნიუ იორკ იანკისი (4 მლრდ).

მიუხედავად ფეხბურთისა და კალათბურთის გლობალური პოპულარობისა, Forbes-ის რეიტინგში წამყვან პოზიციებზე მაინც ამერიკული ფეხბურთია. 50-ეულში ამერიკული ფეხბურთის ლიგის 29 კლუბია, კალათბურთის - 8, ფეხბურთის - 7, ხოლო ბეისბოლის - 6.

ამერიკული ფეხბურთის კლუბი დალას კოვბოისი 1960 წელს დაარსდა. ამ გუნდს ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს - 1995 წელს.

კომენტარები

ბოლო ამბები