- ინგლისურმა და იტალიურმა კლუბებმა ბრაზილიელის ტრანსფერზე მოილაპარაკეს
- 25 წლის გოლკიპერში ლივერპულელები რომას 75 მილიონ ევროს გადაუხდიან
- შესათანხმებელი მხოლოდ ალისონის პირადი კონტრაქტის დეტალები დარჩა
ლივერპული და რომა მეკარე ალისონ ბეკერის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს, რომლის ცნობით, ლივერპულელები ბრაზილიელში, მეკარისთვის რეკორდულ თანხას - დაახლოებით 75 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ახლა ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკება თავად ალისონმა უნდა გამართოს, რათა პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმოს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის ნაკრების 25 წლის გოლკიპერი ლივერპულში გადასვლის წინააღმდეგი არ იყო. ალისონის გადაბირება სხვა ინგლისურ კლუბს - ჩელსისაც სურდა, რომელიც რეალში მიმავალი ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებს.
ლივერპულის კარს გასულ სეზონში ლორის კარიუსი იცავდა, რომლის შეცდომების გამო, იურგენ კლოპის გუნდი რეალთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა. ლივერპულელებმა მეკარის შეცვლაზე აქტიურად ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს.
ალისონი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო. 25 წლის მეკარემ მუნდიალზე ჩატარებულ 5 მატჩში 3 გოლი გაუშვა.
აქამდე მეკარის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი მანჩესტერ სიტიმ განახორციელა, რომელმაც 2017 წელს ბენფიკადან ედერსონი 34,7 მლნ ფუნტად შეიძინა.
კომენტარები