Thumbnail
  • სოციალურ ქსელში ზლატკო დალიჩის პოლიტიკოსებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა
  • ხორვატიის ნაკრების თავკაცმა ხელისუფლებას გუნდისგან თავის შორს დაჭერა მოსთხოვა
  • მისი თქმით, ხელისუფლებას უფლება არ აქვს, ნაკრების წარმატებაზე ქულები დაიწეროს

სოციალურ ქსელში ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზლატკო დალიჩის მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ის პოლიტიკოსებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეროვნული გუნდისგან თავის შორს დაჭერას მკაცრად სთხოვს. 51 წლის სპეციალისტს ძალიან აღიზიანებს ის, რომ პოლიტიკოსები ნაკრების წარმატებას საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად იყენებენ.

UPDATE: ზლატკო დალიჩის წერილი 'ფეიკი' აღმოჩნდა

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად, ფინალში გააღწია, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა (2:4). მუნდიალზე ხორვატიის ეროვნულ გუნდს აქტიურად ქომაგობდა ქვეყნის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი.

"ფეხბურთელთა ამ თაობამ აჩვენა, რომ გუნდს შეუძლია წარმატების მიღწევა, მიუხედავად თავისი ქვეყნის, ბიუჯეტისა და სტადიონებისა. ამ სიტყვებს ხორვატიაში რთული ვითარების გამო ვწერ. ეს არის ყველაზე გაჭირვებული ქვეყანა ევროკავშირში და მას მართავენ ადამიანები, რომლებსაც კავშირი აქვთ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან. 

ხორვატია - ეს არის ქვეყანა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მილიონმა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში ბევრია პენსიონერი, რომელიც მთავარ საარსებო მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, ახალგაზრდებს არ აქვთ განათლებისთვის საჭირო ფინანსები, ჯანდაცვის სისტემა თვალწინ იშლება, სასამართლო სისტემა კი - კორუმპირებულია. 

ხორვატიის პრეზიდენტი და ეროვნული გუნდის მწვრთნელი დაჯილდოების ცერემონიალზე

მივმართავ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ადამიანები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს - თავი შორს დაიჭირეთ ხორვატიის ნაკრებისგან. არავინ გეპატიჟებათ გასახდელში, თქვენთან არც ფოტოსურათის გადაღება გვინდა და არც სხვა რამ.

სწორედ თქვენ აქციეთ ხორვატია ევროპის ერთ-ერთ ღარიბ სახელმწიფოდ.

ჩვენ გვყავს შვილები, რომლებსაც არასდროს უნახავთ ადრიატიკის ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიის ტერიტორიაზე 1000-კილომეტრიანი სანაპირო ზოლია. გვყავს შვილები, რომლებიც მშიერი იძინებენ, რადგან მათ მშობლებს არ აქვთ სამსახური და არ აქვთ საკვები.
  
ვინც ქვეყანას ამ დღეში აგდებს, მათი გასახდელში დანახვა არავის სურს. გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენს გადაწყვეტილებას, ნუ ატარებთ ნაკრების ფორმას და ნუ იყენებთ ჩვენს წარმატებას საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად", - დაწერა დალიჩმა.

იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალმა ხორვატიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონს აღემატება.

ხორვატია 2009 წლიდან ნატოს წევრია, 2013 წლიდან კი - ევროკავშირის. ქალი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ქვეყანას 2015 წლიდან მართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები