Thumbnail

როგორ უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი | სფფ-ს ახალი ხედვა: მომავლის 11

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლევან კობიაშვილი კონგრესზე ვრცელი მოხსენებით წარსდგა
  • გამოიკვეთა 11 პრიორიტეტული მიმართულება

სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 28-ე კონგრესი, რომელსაც საფეხბურთო სფეროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბიზნეს-სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სპეციალური სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეულნი ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

კონგრესის მთავარი თემა იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვის, მომავლის 11-ის პრეზენტაცია. ლევან კობიაშვილმა პროექტის კონცეფცია წარადგინა, რომლის მთავარი მიზანია ფეხბურთის განვითარებისთვის სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმით, 2026 წელს მივიღოთ მომავლის ნაკრები - სწორედ ასეთი განმარტება აქვს მომავლის 11-ს სფფ-ს კონგრესის პრესრელიზში. 

მომავლის 11 პირობითად თერთმეტი მოთამაშისგან შედგება და როგორც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, თითოეული მოთამაშე თანაბრად მნიშვნელოვანია. სფფ-ს პრეზიდენტმა თემა განავრცო და თითოეულ ამ მოთამაშეზე და შესაბამისად, თითოეული ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სფფ-ს რიგით 28-ე კონგრესი

ლევან კობიაშვილი (სფფ-ს პრეზიდენტი):

1. მოხალისეები

ეს ინტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია და უდიდესი როლი უკავია ფეხბურთის განვითარებაში. გერმანიაში დაახლოებით მილიონი მოხალისეა, რომლებიც ფეხბურთს უანგაროდ ემსახურებიან. საქართველოში შეიქმნება ერთიანი ბაზა, რომელიც ამ მიმართულებას ორგანიზებულ სახეს მისცემს. ვხედავ თუ როგორ არიან ჩართული მოხალისეები სოფლის სტადიონების მოვლის პროცესში და ეს ძალიან მახარებს. ეს მიმართულება აუცილებლად უნდა წავახალისოთ. 

2. მსაჯები

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომლის მიმართ იყო უნდობლობა და დღესაც არის კითხვები. ხშირად ისმის უკმაყოფილება და მაშინაც კი, როდესაც საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო. ამ ინსტიტუტის წინაშე დიდი გამოწვევებია და მას სჭირდება გვერდში დგომა. მახარებს მსაჯთა აკადემიის მუშაობა, რომლის წყალობით ბევრმა გადაწყვიტა, რომ გახდეს მსაჯი.

3. სახელმწიფო 

სახელმწიფოს უდიდესი როლი უკავია ამ პროცესში და აქტიურად არის ჩართული ფეხბურთის განვითარებაში. დაფინანსების ახალი სისტემა ხელს უწყობს საკლუბო ფეხბურთის განვითარებას საქართველოში. ვითარდება ინფრასტრუქტურა და სხვა მიმართულებები. ვერ განვითარდება ფეხბურთი, თუ ამ პროცესში სახელმწიფო არაა ჩართული. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. 

4. მასობრივი ფეხბურთი

მასობრივი ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება. მეტი მასობრიობა ნიშნავს მეტ მოთამაშეს, მეტი მოთამაშე კი ნიშნავს მეტ პროფესიონალ ფეხბურთელს. 

5. მწვრთნელები

მწვრთნელების საქმისადმი დამოკიდებულებაა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მწვრთნელმა ბავშვს მხოლოდ კენწვლა არ უნდა ასწავლოს, ის უნდა იყოს პედაგოგი. მწვრთნელის ვალდებულებაა, რომ მიუხედავად იმისა, გამოვა თუ არა კონკრეტული ბავშვი პროფესიონალი ფეხბურთელი, წვლილი შეიტანოს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომ გვყავდეს რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური მწვრთნელი.

6. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ ყველაფერს იმპულსი უნდა მისცეს. ჩვენ ვართ მოთამაშე, რომელსაც ენიჭება უდიდესი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ შემოვიდეს ამ გუნდში და ჩაერთოს ამ პროცესში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  უნდა იყოს ამ გუნდის კაპიტანი.

7. ეროვნული ლიგა

ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერზე ფედერაციისკენ არ უნდა გავიშვიროთ ხელი. კლუბების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ქართულმა კლუბებმა ეს უნდა გააცნობიერონ და ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე იტვირთონ.

8. გულშემატკივარი

გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. როდესაც ტრიბუნა ცარიელია, ესაა უდიდესი დარტყმა და დანაკლისი ფეხბურთისთვის. თქვენ ითამაშეთ და ჩვენ მოვალთ - ეს არასწორი ფრაზაა. გულშემატკივრის ჩართულობა ამ პროცესში, არის უმნიშვნელოვანესი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქომაგებს, რომ მოვიდნენ სტადიონებზე და გახდნენ ამ გუნდის ნაწილი.

9. მედია

პატივს ვცემ ჯანსაღ კრიტიკას, რადგან ეს მხოლოდ წაადგება ქართულ ფეხბურთს. კარგი იქნება თუ მედია უფრო მეტად ჩაერთვება ქართული ფეხბურთის განვითარების პროცესში და გააცნობს საზოგადოებს იმას, თუ რა კეთდება. ქართულ ფეხბურთს მედიის მხარდაჭერა სჭირდება.

10. ბიზნეს-სექტორი

მსოფლიო ფეხბურთში ფინანსების ბრუნვა იზრდება და ესაა ის იშვიათი სფერო, სადაც არ არის კრიზისი. ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ ამ პროცესს, არ ჩამოვრჩეთ სხვა ქვეყნებს და შესაბამისად, ამას სჭირდება ბიზნეს-სექტორის ჩართულობა და მხარდაჭერა. ამ მიმართულებით, გვაქვს პროგრესი, თუმცა ვისურვებდი მეტ ჩართულობას და წინსვლას.

11. ბავშვთა ფეხბურთი

ვისაც არ უნდა ვკითხოთ, გვეტყვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთის წარმატებას განსაზღვრავს ბავშვთა ფეხბურთი და რთულია ამ განმარტებას არ დავეთანხმოთ. სექტემბრიდან ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ბავშვთა სკოლების კატეგორიზაციას და ფინანსურ მხარდაჭერას. ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მარტო მე და ფედერაცია ვერაფერს გავხდებით: ყველა ამ მიმართულების განვითარებას სჭირდება ადამიანური რესურსი, ხალხის ჩართულობა, რათა ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას.

კომენტარები

ბოლო ამბები