Thumbnail
  • საქართველო 56:71 ფინეთი
  • 18 ივლისი: საქართველო v პორტუგალია

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მესამე მატჩი გამართა და ფინეთთან 56:71 დამარცხდა. ამ მარცხით, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა პრაქტიკულად დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი.

პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, 18;16. მეორე მეოთხედიდან ფინელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საქართველოს ნაკრები დიდად არ ჩამორჩა მეტოქეს. შედეგად, ჩერქეზიშვილის გუნდმა ტაიმი 32:35 წააგო.

მეორე ნახევრიდან ფინელების უპირატესობა გამოიკვეთა და სხვაობაც გაიზარდა. დასკვნითი მეოთხედის წინ, სკანდინავიელები 8 ქულას იგებდნენ, საბოლოოდ კი 15-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ ფურცხვანიძე იყო 13 ქულით, 11 ქულა მოაგროვა ნიკა დარბაიძემ, ხოლო 9-9 ქულა რატი ანდრონიკაშვილის და სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზეა  

პირველი შეხვედრა U20 საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან დათმო, ხოლო მეორე მატჩში კოსოვო დაამარცხა. B დივიზიონის პაექრობებს ბულგარეთის დედაქალაქი, სოფია მასპინძლობს. ტურნირში 22 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები D ჯგუფშია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს წინ პორტუგალიასთან მატჩი ელის. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები