Thumbnail
  • საფრანგეთის მესამე დივიზიონიდან მსოფლიოს ჩემპიონობამდე
  • ნ'გოლო კანტეს თანამედროვე ფეხბურთში ართმევის დიდოსტატს უწოდებენ
  • მორცხვ თანაგუნდელს მუნდიალის თასთან ფოტო ნ' ზონზიმ გადააღებინა

თანამედროვე ფეხბურთი ნ'გოლო კანტეს გარეშე უკვე წარმოუდგენელია. თუ მას აქამდე არ იცნობდით, საკმარისი იყო მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების 2-3 მატჩი გენახათ, რომ ეს ტანდაბალი საყრდენი არასდროს დაგავიწყდებოდათ. მართალია, ის არც პოგბასავით სამსახიობო ნიჭითაა დაჯილდოებული და არც გრიზმანივით საფირმო მოძრაობები აქვს, სამაგიეროდ, ზუსტად იცით, ეს პატარა, მომღიმარი ბიჭი ვინ არის. ბურთის ართმევის დიდოსტატი და პოეტი, სტრიქონებს შორის თამაშის კითხვის უბადლო მკითხველი - ამ ეპითეტებით ამკობენ საფრანგეთის ნაკრების მე-13 და ჩელსის მე-7 ნომერს, რომელიც ისეთი მორიდებულია, რომ მასზე საუბრისაც კი ერიდება.

კანტეს მორცხვობა დღეს ჩვენი მთავარი თემაა. 27 წლის ფეხბურთელი ისეთი მორიდებულია, რომ როცა ლესტერის პრეზიდენტმა საჩემპიონოდ ყველა ფეხბურთელს BMW-ს სპორტული მოდელები აჩუქა, კანტემ კვლავ თავისი ძველი Mini ამჯობინა, ამას შეჩვეული ვარ, კარგი მანქანააო… ჰო, პარადოქსია, რომ ამ პაწაწუნა მანქანით დადის პრემიერლიგის ამპლუით ყველაზე აგრესიული ფეხბურთელი. თუმცა, კანტეს გარშემო იმდენი პარადოქსია, “მინი კუპერი” რა მოსატანია.

კანტე და მისი Mini 
 

პატარა და მომღიმარი, სიმაღლე - 169 სმ, წონა - 68 კგ. აუცილებლად იკითხავთ, ამან ბურთი ვის უნდა წაართვას?! მისი წარმატების საიდუმლო თამაშის სწორად და არაჩვეულებრივად ზუსტად წაკითხვაა და კიდევ, დიდი სისწრაფე. სად უნდა იყოს ბურთი, რომ კანტე მასთან პირველი არ გაჩნდეს. მასზე ხუმრობენ, რომ დედამიწის 70% წყლითაა დაფარული, 30%- ს კი - კანტე ფარავს.

კანტეს მორცხვობა მისი ბავშვობიდან მოდის. ის მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. ფული საკმარისი არასდროს იყო და საფეხბურთო ნიჭიც მოგვიანებით აღმოაჩნდა. 8 წლის ასაკში ნგოლო პარიზის გარეუბნის ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბ სიურენში მოხვდა, სადაც 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. ფიზიკური მონაცემების გამო, მსხვილი საფეხბურთო აკადემიები მის მიღებაზე უარს აცხადებდნენ. შეხედეთ ფოტოს: აქ კანტეს თანაგუნდელები რაღაც შეჯიბრებაში გამარჯვებას აღნიშნავენ, ხედავთ ნ'გოლოს? მარცხნივაა, ყველაზე პატარა და თასთან მიახლოებას ვერ ბედავს.

პატარა ნ'გოლო (მარცხნივ)

სიურენიდან კანტე ბულონის დუბლებში გადავიდა. ორი წლის შემდეგ, პირველ გუნდში დაიწყო თამაში - საფრანგეთის მესამე დივიზიონში. ლიგა 1-ის დებიუტანტი კანის შემადგენლობაში კი, ის ლესტერის სკაუტებმა შეამჩნიეს და მერე, ამბის გაგრძელება თქვენც კარგად იცით. ბულონის დუბლებიდან ინგლისის ჩემპიონობამდე კანტეს 5 წელი დასჭირდა. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებამდე კი - შვიდი და მთელი ამ წლების განმავლობაში, ის, როგორც ადამიანი, სრულებით არ შეცვლილა. აი, რატომ:

მაშინ, როცა “ლუჟნიკებზე” საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები თასით ხელში შეშლილებივით დარბოდნენ მოედანზე და მის გარშემო, იღებდნენ ფოტოებს, მერე ისევ დარბოდნენ და ყვიროდნენ, მერე ისევ ფოტოებს იღებდნენ, კანტეს თანაგუნდელებისთვის თასის გამორთმევა და ფოტოს გადაღება ერიდებოდა. ის ტრადიციულად იღიმებოდა და შორიახლოს იდგა. ამ დროს, საქმეში სტივ ნ'ზონზი ჩაერია, კანტესთან მივიდა, თასი მისცა და ფოტოგრაფების წინ დააყენა. ასე გაჩნდა ეს ფოტო:

შემდეგ, გუნდი სასტუმროში გაემგზავრა. ავტობუსში “ელისეის მინდვრების” მოტივებზე ყველა კანტეზე ამღერდა: "ის პატარა და საყვარელია, მაგრამ ლეო მესი გააჩერა." ვიდეოშიც კარგად ჩანს, თუ როგორ რცხვენია ნ'გოლოს და თანაგუნდელებს ეხვეწება, გაჩერდნენ.

სასტუმროში კანტეზე სიმღერა გაგრძელდა. გამარჯვების სიხარულით შეშლილმა ფრანგმა ფეხბურთელებმა ყველა აიყოლიეს  - გაპროტესტებას აზრი აღარ ჰქონდა.

იცით რა, კანტემ ეს დაიმსახურა. მან ფანტასტიური მუნდიალი ჩაატარა. მართალია, ფინალურ მატჩში თავის სიმაღლეზე ვერ იყო და შეცვალეს (როგორც ამბობენ, წინა დღეს ის მოიწამლა და სათამაშოდ მზად ბოლომდე არ იყო), თუმცა, ეს მის დამსახურებას არანაირად არ აკნინებს.

მომდევნო დილას, საფრანგეთის ნაკრები უკვე პრეზიდენტთან, ელისეის სასახლეში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, კანტეზე სიმღერა იქაც შესრულდა - პოგბამ დაიწყო და ფეხბურთელებს დიდიე დეშამიც აჰყვა. ნ'გოლომ კვლავ დაიმორცხვა, თუმცა, აღარ გაუპროტესტებია. როგორც ჩანს, ეჩვევა და თავდაჯერება ემატება. როცა ელისეის მინდვრებზე შენზე მღერიან, ესეიგი ამას ნამდვილად იმსახურებ.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები