Thumbnail

რეალი და კურტუა - ბელგიელი მეკარე მადრიდულ გრანდზე ალაპარაკდა

  • ტიბო კურტუამ მუნდიალზე თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა
  • მადრიდის რეალში ბელგიის ნაკრების მეკარეზე სერიოზულად ფიქრობენ

ტიმო კურტუამ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა, რის გამოც მუნდიალის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ესპანურ და ინგლისურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დიდი შანსია, რომ ჩელსის კარის დარაჯი მადრიდის რეალში გადავიდეს. 

“მარკა” წერს, რომ რეალმა 26 წლის ბელგიელი მეკარის შეძენა მყარად გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, მადრიდელთა ახალ დამრიგებელ ხულენ ლოპეტეგის სურს, რომ რეალის ძირითადი მეკარე სწორედ კურტუა იყოს. საქმე ისაა, რომ კეილორ ნავასს ესპანეთში სულ უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებენ.

რეალს ამ ტრანსფერის განხორციელების საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რადგან კურტუას ჩელსისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ლონდონელები მას ახლა არ გაყიდიან, გაისად უფასოდ დაკარგავენ (თუ მანამდე კონტრაქტი არ გაუგრძელეს).

ამასობაში, ჩელსის დატოვებაზე თვითონ ბელგიელი კიპერიც ალაპარაკდა: “მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სპეკულაციებზე კომენტარს არ ვაკეთებდი, ახლა კი, როცა მუნდიალი დამთავრდა, ჩემს მრჩეველს უნდა შევხვდე და სამომავლო გეგმებზე დაველაპარაკო,” - განაცხადა კურტუამ და კითხვაზე, რას იტყოდა მადრიდის რეალში თამაშის პერსპექტივაზე, ასე უპასუხა: “ესპანეთს ის უპირატესობა ექნებოდა, რომ ჩემი შვილები სწორედ იქ ცხოვრობენ.”

კურტუამ კიდევ ერთი საინტერესო კომენტარი გააკეთა: “სადაც არ უნდა წავიდე, ედენ აზარიც უნდა წამომყვეს. ჩვენ ერთმანეთს არ დავშორებდით,” - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი რეალში კრიშტიანო რონალდოს შემცვლელად განიხილება და მადრიდულ გრანდში გადასვლის ნომერ პირველი კანდიდატია.

კომენტარები

ბოლო ამბები