Thumbnail
  • მუნდიალის სიმბოლური ნაკრები POPSPORT.COM-ის მიხედვით
  • სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი ფრანგი მოხვდა - 4

POPSPORT.COM გთავაზობთ, რედაქციის აზრით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს. 

მეკარე

ტიბო კურტუა (ბელგია) 

ბელგიის ნაკრებმა მუნდიალზე მხოლოდ ერთი მატჩი დათმო - ნახევარფინალში საფრანგეთთან (0:1), დანარჩენი კი მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ამაში უდიდესი წვლილი "წითელი ეშმაკების" მეკარე ტიბო კურტუას მიუძღვის - მან მუნდიალზე ყველაზე მეტი "სეივი" მიითვალა. მან 7 თამაშში 7 გოლი გაუშვა.

მცველები

ვენსან კომპანი (ბელგია)

კომპანი ბელგიას ჯგუფურ ეტაპზე აკლდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე იგი ტრავმირებული იყო (სწორედ ამას უნდა მივაწეროთ, რომ ტუნისმა გუნდს 2, ხოლო კოსტა რიკამ 1 გოლი გაუტანა). ლიდერის დაბრუნების შემდეგ ბელგიის თამაში დაბალანსდა, რაც წარმატების წინაპირობა გახდა.

რაფაელ ვარანი (საფრანგეთი)

მსოფლიოს ჩემპიონთა დაცვის თითქმის უშეცდომო ბურჯი. ვარანმა შვიდივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა.

იერი მინა (კოლუმბია) 

whoscored.com-მა კოლუმბიელ მცველს აზარის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა - 8.35 და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ მან სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა. ბარსელონას მცველმა აჩვენა, რომ ტყუილად არ შეიძინა ის კატალონიურმა გრანდმა

ნახევარმცველები

ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)

ის, რომ ბრაზილია მუნდიალს ნაადრევად დაემშვიდობა, კოუტინიოს ბრალი ნამდვილად არ არის. "სელესაოს" რიგებში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 5 თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. გოლები და საგოლე პასები კი ერთმანეთზე ლამაზი გამოუვიდა.

პოლ პოგბა (საფრანგეთი)

პოგბას არასდროს აკლდა კრიტიკოსი, არც ეს მუნდიალი ყოფილა გამონაკლისი, თუმცა ხშირად, ჩვენი აზრით, ის ამ კრიტიკას არ იმსახურებდა - მსოფლიოს ჩემპიონთა ნახევარმცველმა ბრწყინვალედ ითამაშა, მან 1 გოლიც მიითვალა (ერთიც გაუუქმეს).

ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

ლუკა მოდრიჩი მუნდიალის ოქროს ბურთით

მუნდიალის ფინალისტის ნამდვილი ლიდერი იმის მიუხედავად, რომ ყველა თამაშში ერთნაირად კარგად არ უთამაშია (ერთხელ პენალტიც ვერ გამოიყენა). მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია. შეგახსენებთ, რომ ლუკა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ივან პერიშიჩი (ხორვატია)

განსაკუთრებით მუნდიალის გადამწყვეტ ეტაპზე - პლეი ოფის სტადიაზე ათამაშდა. სულ მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. 

თავდამსხმელები

კილიან მბაპეს დამსახურებული ტრიუმფი

კილიან მბაპე (საფრანგეთი)

მუნდიალის თინეიჯერი სენსაცია, სულ მეორე თინეიჯერი ისტორიაში (პელეს მერე), ვინც ფინალში გოლის გატანა შეძლო, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - მან 4 გოლი გაიტანა.

ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

შეიძლება, მისგან მეტს ველოდით, მაგრამ ატლეტიკოს ფორვარდის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. არადა, ხშირად საკმაოდ სიღრმიდან მოქმედებდა ხოლმე.

ედენ აზარი (ბელგია)

ედენ აზარის წინააღმდეგ ყველას უჭირდა

მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. whoscored.com-ის მიხედვით საუკეთესო - 8.53. მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია. ტურნირის განმავლობაში გატანჯა მეტოქე გუნდების მცველები. 

მუნდიალის II სიმბოლური ნაკრები

უგო ლორისი (საფრანგეთი) - შიმე ვრსალკო (ხორვატია), დიეგო გოდინი (ურუგვაი), ჰარი მაგუაირი (ინგლისი), ლუკა ერნანდესი (საფრანგეთი) - კევინ დე ბრუინი (ბელგია), ნგოლო კანტე (საფრანგეთი), კაზემირო (ბრაზილია) - ჰარი კეინი (ინგლისი), ედინსონ კავანი (ურუგვაი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).

საინტერესო ფაქტები

სიმბოლურ ნაკრებში ერთხმად მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა - ლუკა მოდრიჩი და კილიან მბაპე. 

სიმბოლურში მოხვდა 4 ფრანგი, 3 ბელგიელი, 2 ხორვატი, 1-1 ბრაზილიელი და კოლუმბიელი.

ამ 22 ფეხბურთელის გარდა გარკვეული ხმები მიიღეს თომას მონიემ, კირან ტრიპიერმა, დომაგოი ვიდამ, მარსელომ და ნეიმარმა.

სიმბოლურში ვერ მოხვდა ტურნირის ბომბარდირი ჰარი კეინი (6 გოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები