Thumbnail

მილანი მორატასა და იგუაინს უმიზნებს - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევისთვის დასჯილი მილანური კლუბი უკან არ იხევს
  • მილანის წარმომადგენლები ჩელსისთან მოსალაპარაკებლად ლონდონში უკვე ჩავიდნენ

მილანი, მიუხედავად უეფას მხრიდან სანქციებისა, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და ალვარო მორატასა და გონსალო იგუაინის შეძენას აპირებს. 

როგორც Sky Sport Italia იუწყება, მილანური კლუბის გენერალური დირექტორი მარკო ფასონე და სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი უკვე გაემგზავრნენ ლონდონში, სადაც მორატას ტრანსფერზე ჩელსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავენ. 

25 წლის ესპანელი ფეხბურთელი ლონდონში არცთუ წარმატებული სეზონის შემდეგ, სერია A-ში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.

მორატამ გასულ სეზონში ჩელსის მაისურით ჩატარებულს 48 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

გონსალო იგუაინი იუვენტუსის ფორმას დიდი ალბათობით სამუდამოდ გაიხდის

გამოცემის ცნობით, მილანი პარალელურად იგუაინის წარმომადგენლებთან თათბირობს. როგორც ირკვევა, იუვენტუსის თავდამსხმელი ამ ტრანსფერის წინააღმდეგი არაა, გარიგების ფასი კი სავარაუდოდ 60 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობილია, რომ 30 წლის არგენტინელის გადაბირებასთან ახლოსაა ლონდონის ჩელსი.

გონსალო იგუაინმა ტურინის იუვენტუსის რიგებში 50 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. 

უეფამ მილანი ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევის გამო ევროსეზონს ჩამოაშორა.

ახლახან კლუბი ამერიკული ფონდის Elliott Management-ის მფლობელობაში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები