Thumbnail

წყალბურთი | საქართველოს ნაკრების მოსალოდნელი მარცხი უნგრეთთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 5:12 უნგრეთი
  • 18 ივლისი: საქართველო v გერმანია

ბარსელონაში დაიწყო 33-ე ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობს. ქართველმა წყალბურთელებმა პირველი მატჩი უნგრეთთან გამართეს და 5:12 წააგეს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან უნგრეთის ნაკრები ევროპული და მსოფლიო წყალბურთის აღიარებული გრანდია. უნგრეთი 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონატი კი 12-ჯერ აქვს მოგებული.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის დიდი ნაწილი ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტს და ინტრიგაც ბოლო მეოთხედამდე შენარჩუნდა. ანგარიში ბექა ქავთარაძის ეფექტური გოლით გაიხსნა, რასაც უნგრელების ზედიზედ 3 გოლი მოჰყვა.

ბექა ქავთარაძემ ანგარიში გახსნა

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ტოლსწორად ეთამაშა უნგრეთს, გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს და შედეგად, პირველი ნახევარი 5:3 დასრულდა უნგრეთის ნაკრების სასარგებლოდ. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ზურაბ რურუამ გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 4:5.

ზურაბ რურუას გოლი

მესამე მეოთხედი უნგრელებმა 3:2 მოიგეს და შედეგად, დასკვნითი მეოთხედის წინ, 8:5 იყო მათ სასარგებლოდ. ბოლო ტაიმი ფავორიტის სრული უპირატესობით წარიმართა, უნგრელებმა 5 უპასუხო გოლი გაუტანეს საქართველოს ნაკრებს და შედეგად, 12:5 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში ბექა ქავთარაძის და ზურაბ რურუას გარდა, თავი ანდრია ბითაძემ და ორჯერ დამირ ცრეპულიამ გამოიჩინეს.

დამირ ცრეპულიას გოლი

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს, სადაც უნგრეთის გარდა, იტალიასთან და გერმანიასთან მოუწევს დაპირისპირება. უნგრეთის მსგავსად, იტალიაც აღიარებული გრანდია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივლისს გერმანიის ნაკრებთან გამართავს, იტალიას კი 20 ივლისს დაუპირისპირდება.

სულ ჩემპიონატში 16 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჯგუფების გამარჯვებულები მეოთხედფინალში გადიან, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში, ხოლო ბოლოადგილოსანი მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

კომენტარები

ბოლო ამბები