Thumbnail
  • საფრანგეთის მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი
  • ორივე ტრიუმფში დიდიე დეშამს უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა
  • 1998 წელს ის გუნდის კაპიტანი იყო, 2018 წელს - მთავარი მწვრთნელია
  • ამ მიღწევით დეშამი ბეკენბაუერის და ზაგალოს გვერდით დადგა

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ, დიდიე დეშამი “ლუჟნიკიზე” ისე ეულად არ სცემდა ბოლთას, როგორც ფრანც ბეკენბაუერი 1990-ში, რომის “ოლიმპიკოზე”. ფრანგთა მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობდა და მის შეგირდებსაც დიდხანს არ უფიქრიათ - ხელში აიტაცეს და ჰაერში რამდენჯერმე ააგდეს. მათ იცოდნენ, რომ ამ ისტორიული ტრიუმფის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი სწორედ დეშამია.

ზემოთ, ბეკენბაუერი შემთხვევით არ გვიხსენებია. დეშამი გახდა მესამე ადამიანი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც მუნდიალი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო და მწვრთნელის რანგშიც. მანამდე, ასეთი რამ მხოლოდ ფრანც ბეკენბაუერს (გერმანია, 1974, 1990) და მარიო ზაგალოს (ბრაზილია, 1958, 1962 და 1970) ჰქონდათ მოხერხებული.

“ულამაზესი, სასწაული დღეა! ფეხბურთელებმა ყველაფერი დამიჯერეს და ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით!” - განაცხადა ფინალის დასრულების შემდეგ დეშამმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების მთავარი არქიტექტორია.

“ახლა საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. მიღწეულით ძალიან ვამაყობ, მაგრამ მე აქ იმისთვის ვარ, რომ მიზნებს მივაღწიოთ. ჩვენ უმთავრეს მიზანს მივაღწიეთ!” - დასძინა ფრანგთა თავკაცმა. საფრანგეთის ჩემპიონობაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის და, სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს ფრანგებს ზინედინ ზიდანი ჰყავდათ, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა, დეშამის როლი 20 წლის წინაც უმნიშვნელოვანესი იყო! დიდიე გუნდის კაპიტანი და უმთავრესი საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ. რომ არა ის, ზიდანი წინ ასე თავისუფლად ვერ ითამაშებდა. გარდა ამისა, დეშამი მაშინაც ლიდერი იყო - გასახდელში მთავარი მოტივატორი გახლდათ. ამიტომაც იყო კაპიტანი.

“უკომპრომისო გენერლად” წოდებული დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან წვრთნის და ზუსტად ისე, როგორც ფეხბურთელობის დროს, 49 წლის სპეციალისტი დღესაც აბსოლუტური პრაგმატიკოსია. სწორედ პრაგმატული მიდგომით მიაღწია მან ისეთ წარმატებას, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონობაა. დეშამის ხელში თვით კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანიც კი შავ სამუშაოს ასრულებდნენ.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალის (0:1 პორტუგალიასთან) წაგების შემდეგ, დეშამმა თქვა, რომ ის მარცხი გუნდისთვის მოტივატორი უნდა ყოფილიყო. დიდიემ პორტუგალიასთან მარცხი მუნდიალის ფინალის წინაც გაიხსენა - ის წაგება დღემდე მწარედ გვახსოვს, მაგრამ იმ მარცხმა ბევრი რამ გვასწავლაო.

“ეს ყველაფერი უდიდესი შრომის დამსახურებაა! 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, მაგრამ დაუჯერებლად ბევრი ვიშრომეთ და ახლა 4 წლის მანძილზე მსოფლიოში საუკეთესოები ვიქნები!” - აღნიშნა დეშამმა.

ცივსისხლიანმა პრაგმატიკოსმა საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა!

კომენტარები

ბოლო ამბები