Thumbnail
  • საფრანგეთი 4:2 ხორვატია
  • 1:0 მანჯუკიჩი (ავტოგოლი, 18'), 1:1 პერიშიჩი (28'), 2:1 გრიზმანი (პენ. 38'), 3:1 პოგბა (59'), 4:1 მბაპე (65'), 4:2 მანჯუკიჩი (69').
  • მომავალ შეხვედრამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე - 2022 წელს, ყატარში/ 

საფრანგეთის ნაკრები ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, დიდიე დეშამი კი მესამე ადამიანია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონობა ფეხბურთელმაც იზეიმა და მწვრთნელმაც. 2018 წლის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა უხვგოლიან მატჩში ხორვატიის ნაკრები დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები დამსახურებულად გახდნენ.

მოსკოვში, "ლუჟნიკიზე" შეხვედრა მაღალ ტემპში, ხორვატიის ნაკრების უპირატესობით დაიწყო. დიდიე დეშამის შეგირდები კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. 

ანგარიში საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიხსნა, რომელიც ანტუან გრიზმანმა მარჯვენა ფრთიდან მოაწოდა. მაღალ ბურთს თავი მარიო მანჯუკიჩმა წაკრა და ავტოგოლი მიითვალა.

1:0 მანჯუკიჩი (ავტოგოლი, 18')

გაშვებულ გოლს ზლატკო დალიჩის შეგირდების თამაშზე გავლენა არ მოუხდენია - ხორვატებმა მეტოქის ზეწოლა გააგრძელეს. მალევე ლუკა მოდრიჩის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, დომაგოი ვიდა თავით დაემუქრა უგო ლორისის კარს.

ხორვატიის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. დომაგიო ვიდამ ივან პერიშიჩს ბურთი დაუგოდ, ამ უკანასკნელმა კი ერთი მოძრაობით ჯერ მეტოქე ჩამოიშორა და უგო ლორისს აუღებელი დაურტყა. 

1:1 პერიშიჩი (28)

შესვენებამდე უკეთესად კვლავ ხორვატიის ნაკრები გამოიყურებოდა, მაგრამ გატანა მაინც ფრანგებმა მოახერხეს. ხორვატთა კართან მოწოდებულ კუთხურს ბლეზ მატუიდი გამოეხმაურა, რის შემდეგაც ბურთი ხელზე ივან პერიშიჩს მოხვდა.

არბიტრმა ვიდეორეფერის მიმართა და 11-მეტრიანი დანიშნა. ანტუან გრიზმანმა დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.

2:1 გრიზმანი (პენ. 38')

მეორე ტაიმი პირველის სცენარით წარიმართა - ბურთს ხორვატები ფლობდნენ, ფრანგები კი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ივან რაკიტიჩის გამჭოლი პასის შემდეგ, გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა ანტე რებიჩს ჰქონდა, თუმცა იმ ეპიზოდში უგო ლორისმა ითამაშა ზუსტად.

ხორვატთა უპირატესობის მიუხედაად, გატანა ისევ ფრანგებმა მოახერხეს. შეტევა, რომელიც პოლ პოგბას შესანიშნავი პასით დაიწყო, მისივე გოლით დასრულდა!

3:1 პოგბა (59')

გაშვებულმა გოლმა ხორვატები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, მეტოქის დაბნეულობით კი კილიან მბაპემ ისარგებლა. 19 წლის ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედიდან უძ₾იერესად და უზუსტესად დაარტყა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. 

4:1 მბაპე (65')

ხორვატიის ნაკრებმა ერთი ბურთი გაქვითვა მაინც მოახერხა და ამას ფრანგთა მეკარეს უნდა უმადლოდეს. უგო ლორისმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მარიო მანჯუკჯიჩს გოლი აჩუქა!

4:2 მანჯუკიჩი (69')

საფრანგეთის ნაკრებმა მატჩის ბოლო 20 წუთი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში გაატარა. ხორვატები ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა რეალური მომენტი ლორისის კართან არ შეუქმნიათ. გაცილებით მწვავე ფრანგების კონტრიერიშები იყო. დუბლის შესრულების შანსი ბოლო წუთებზე პოგბას ჰქონდა...

მოსკოვში გამართულ ფინალურ მატჩს მცირე ინცინდენტიც ახლდა - მეორე ტაიმში მოედანზე რუსული პოლიციის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი შეიჭრა.

საბოლოოდ კი, საფრანგეთის ნაკრებმა გაიმარჯვა და ისტორიაში მეორედ, ზუსტად 20 წლის შემდეგ, კვლავ აღმართა ფიფას მსოფლიო თასი. ხორვატიის ნაკრები მუნდიალის ვიცე-ჩემპიონია, რაც ამ ქვეყნის საუკეთესო მიღწევაა პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

ხორვატებმა, რომლებმაც პლეი ოფში სამი დამატებითი დრო ითამაშეს და თითქოს, ფინალში ძალაგამოცლილები უნდა ყოფილიყვნენ, გადამწყვეტ მატჩში მაინც მეტოქეზე უკეთესად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. რომ არა პირველ 45 წუთში მიღებული ავტოგოლი და საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი, ძნელი სათქმელია, რას დაუპირისპირებდა დეშამი ძალიან დიდი შემართებით მოთამაშე მეტოქეს.

მაგრამ ფრანგების წარმატებას მხოლოდ ხორვატების უიღბლობასაც ვერ მივაწერთ. მაქსიმალურად ეფექტური მოქმედება შეტევაში და უშეცდომო თამაში დაცვაში იყო დეშამის გუნდის მთავარი უპირატესობა არამხოლოდ ამ მატჩში, არამედ - მთლიანად ტურნირზე. 

ხორვატებმა ამ მუნდიალზე ძალიან ბევრს მიაღწია - ითამაშა ფინალი. ბალკანელებს გული არაფერზე უნდა სწყდებოდეთ. დამარცხდნენ, მაგრამ არ დაჩაგრულან - უბრალოდ, წააგეს გუნდთან, რომელიც არ აკონტროლებდა ბურთს, მაგრამ აკონტროლებდა თამაშის მიმდინარეობას. 

► დიდიე დეშამი მხოლოდ მესამე მწვრთნელია, მარიო ზაგალოს (ბრაზილია) და ფრანც ბეკენბაუერის (გერმანია) შემდეგ, რომელმაც მუნდიალი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო და მწვრთნელის რანგშიც.

► კილიან მბაპე 20-წლამდე ასაკის მეორე ფეხბურთელია, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში გოლი გაუტანია. პირველი პელე იყო - 1958 წელს ფეხბურთის მეფე 17 წლისა და 249 დღის იყო.

► საფრანგეთის ნაკრებს არასდროს წაუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩი, რომლის პირველი ტაიმი მოიგო - 21 მოგება, 1 ფრე!

► მოსკოვში გამართული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველია, რომელშიც ავტოგოლი დაფიქსირდა - მე-18 წუთზე საკუთარ კარში ბურთი მარიო მანჯუკიჩმა ჩაჭრა.

► მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასული 169 გოლიდან 73 (43%) სტანდარტულ სიტუაციებს მოყვა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მუნდიალებზე 1966 წლის შემდეგ.

► მუნდიალზე 6 გოლის გამტანი ჰარი კეინი მეორე ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბომბარდირი გახდა. 1986 წელს ოქროს ბუცის მფლობელი ასევე 6 გოლით გარი ლინეკერი იყო.

► ბლეზ მატუიდი ტურინის იუვენტუსის 25-ე ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალი მოიგო. ტურინული კლუბი ამ მხრივ რეკორდსმენია, მისი უახლოესი მდევარი კი მიუნხენის ბაიერნია (24, კორენტინ ტოლისოს ჩათვლით).

მუნდიალის რჩეულები

ლუკა მოდრიჩი და კილიან მბაპე

ფიფამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესოები დაასახელა (იხილეთ ვრცლად):

საუკეთესო მოთამაშე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დასახელდა, რომელიც adidas-ის ოქროს ბურთით დაჯილდოვდა. 

ვერცხლის ბურთის მფლობელი ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი ედენ აზარი გახდა, ბრინჯაოს - საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი.

საუკეთესო ბომბარდირი
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა. 24 წლის ფორვარდმა 6 გოლი გაიტანა (3 პენალტით).

რუსეთის მოედნებზე 4-4 გოლი რუსმა დენის ჩერიშეცმა, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ, პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ და ფრანგებმა: ანტუან გრიზმანმა და კილიან მბაპემ გაიტანეს.

საუკეთესო მეკარე
მუნდიალის საუკეთესო მეკარედ ბელგიის ნაკრების გოლკიპერი ტიბო კურტუა დასახელდა, რომელსაც ფიფასგან adidas-ის ოქროს ხელთათმანი გადაეცა. კურტუამ ტურნირში 7 მატჩში 6 გოლი გაუშვა და 27 სეივი მიითვალა.

საუკეთესო ახალგაზრდა
საფრანგეთის ნაკრების 19 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპე, რომელმაც 4 გოლი გაიტანა, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

Fair play-ს პრიზი
ესპანეთის ნაკრები "სუფთად" თამაშისთვის Fair play-ს პრიზით დაჯილდოვდა. გუნდმა მუნდიალზე ჩატარებულ 4 მატჩში სულ 2 ყვითელი ბარათი მიიღო და არცერთი წითელი.

კომენტარები

ბოლო ამბები