Thumbnail

კოსოვოს დროშა მუნდიალზე აკრძალულ დროშებს შორის მოხვდა

  • ფიფას პარადოქსულმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გამოიწვია
  • 2016 წლიდან, კოსოვო ფიფას და უეფას ოფიციალური წევრია

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ერთი, მეტად პარადოქსული გადაწყვეტილების გახმაურებამ, მედიასა და საზოგადოებაში დიდი გაოცება გამოიწვია. ფიფამ საკუთარი წევრი ქვეყნის - კოსოვოს დროშა მსოფლიო ჩემპიონატზე აკრძალული დროშების სიაში შეიტანა.

კოსოვო, 2016 წლიდან უეფას და ფიფას წევრი ქვეყანაა და სხვა წევრი ქვეყნების მსგავსად, უფლება აქვს, საერთაშორისო ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა. მაგალითისთვის, კოსოვოს ნაკრებმა უკვე მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, სადაც მისი მეტოქეები ისლანდიის, ხორვატიის, უკრაინის, თურქეთისა და ფინეთის ნაკრები გუნდები იყვნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით სულ სხვა აზრი აქვთ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტში. “ნიუ იორკ ტაიმსმა” შეძლო და ხელში ჩაიგდო მუნდიალის უსაფრთხოების სამსახურისთვის განკუთვნილი ბუკლეტი-სახელმძღვანელო, სადაც დეტალურადაა გაწერილი მსოფლიო ჩემპიონატზე აკრძალული სიმბოლოები და დროშები. დოკუმენტში, სადაც აკრძალული სიმბოლიკის ვიზუალიზაციას 7-8 გვერდი ეთმობა და სადაც შეტანილია ტაივანის, ქურთისტანის, კატალონიისა და სხვა არაღიარებული ქვეყნებისა თუ რეგიონების დროშები და სიმბოლიკა, კოსოვოს დროშასაც აღმოაჩენთ, რომლის დამოუკიდებლობაც აქამდე არ უღიარებია მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას - რუსეთს.

“ნიუ იორკ ტაიმსმა” სიტუაციაში გასარკვევად ფიფას მიმართა, თუმცა, გამოცემა მუნდიალის რუსულ საორგანიზაციო კომიტეტში გადაამისამართეს, სადაც, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები