Thumbnail

კარიერაში პირველი უიმბლდონი და რევანში - კერბერი ჩემპიონია

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • გერმანელმა ჩოგბურთელმა 2016 წლის ფინალი, სწორედ, სერენასთან წააგო
  • კერბერის სარეიტინგო მგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება

მსოფლიოს მეათე ჩოგანმა, გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა კარიერაში პირველი უიმბლდონი მოიგო. 30 წლის კერბერმა, ლეგენდარული სერენა უილიამსი საათსა და 7 წუთში, საკმაოდ იოლად, ორ სეტში - 6:3, 6:3 დაამარცხა. კერბერისთვის ეს დიდი რევანში იყო, რადგან 2016 წელს, უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს, სწორედ, ეს ორი ჩოგბურთელი შეხვდა და მაშინ, ჩემპიონი სერენა გახდა. უიმბლდონის ფინალისტობა, ტურნირზე აქამდე კერბერის საუკეთესო შედეგი იყო.

კერბერმა და უილიამსმა ფინალისკენ მიმავალი გზა ერთანირად დამაჯერებლად გაიარეს. გადამწყვეტ მატჩამდე გამართულ ექვს შეხვედრაში, ჩოგბურთელებს მოსაგებად მხოლოდ ერთხელ დასჭირდათ სამი სეტი. დანარჩენ ხუთ შემთხვევაში, მათ მეტოქეები ორ სეტში დაამარცხეს.

ანჟელიკ კერბერმა უიმბლდონი რუს ვერა ზვონარევასთან გამარჯვებით დაიწყო. მეორე წრეში, გერმანელმა ამერიკელი კლერ ლიუს ბარიერი გადალახა. შემდეგ, იაპონელი ნაომი ოსაკა დაამარცხა; მეოთხე რაუნდში, შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩსაც იოლად გაუმკლავდა და ¼ ფინალში მორიგი რუსი - დარია კასატკინა გაისტუმრა სახლში. ნახევარფინალში კერბერის მეტოქე ლატვიელი ელენა ოსტაპენკო იყო, რომელიც გერმანელმა ორ სეტში, საკმაოდ იოლად დაამარცხა.

სერენა უილიამსი უიმბლდონის 2016 წლის გამარჯვებულია. მაშინ, ამერიკელმა მისი დღევანდელი მეტოქე დაამარცხა და კარიერაში მე-7 უიმბლდონი მოიგო. 2017 წელს, სერენა ტურნირებზე აღარ გამოსულა. პაუზა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული - 36 წლის ამერიკელი დედა გახდა. ასე რომ, 2018 წლის უიმბლდონი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სერენას პირველი სერიოზული გამოცდა იყო, რომელსაც, შეიძლება ითქვას, თავი ძალიან ღირსეულად გაართვა. უილიამსი ფინალამდე ისე მივიდა, რომ არც ერთ მატჩში ეჭვქვეშ არ დამდგარა მისი გამარჯვება. თუმცა, ფინალურ შეხვედრაში ასე არ მოხდა და სერენა სულ მდევრის როლში იყო.

სერენა უილიამსი უიმბლდონის ფინალში

მატჩი სერენამ დაიწყო და საკუთარი პირველივე მოწოდება წააგო. აშკარად უკეთ, უფრო მობილიზებულად გამოიყურებოდა ანჟელიკ კერბერი. თითქოს, ამ მატჩში მისი მიზანი უფრო გარკვეული და მკაფიო იყო. პირველი სამი მოწოდების შემდეგ, სერენაც გამოცოცხლდა და მეხუთე მოწოდებაზე დაწინაურებაც შეძლო - 3:2, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მატჩში მისი ბოლო დაწინაურება იყო. ამ ანგარიშის შემდეგ, სერენამ შეცდომებს უმატა და კერბერი სეტებში წინ გავიდა - 6:3.

მეორე სეტიც გერმანელის უპირატესობით დაიწყო. უილიამსი კი, კვლავ განაგრძობდა თავისთვის უჩვეულო შეცდომების დაშვებას. თითქოს, მეორე სეტის დასაწყისში, პირველისგან განსხვავებით, გაცილებით თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა, თუმცა, კერბერმა ეს შთაბეჭდილება მალევე გააქარწყლა და კვლავ საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. საბოლოოდ, მატჩი ისე დასრულდა, რომ სერენამ სათანადოდ განწყობა ვერ შეძლო; კერბერმა კი, კარიერაში პირველი უიმბლდონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ემოციურად აღნიშნა. მეტოქეს ძალზე თბილად და მეგობრულად მიულოცა სერენამ, რომლისთვისაც, როგორც ჩანს,  ფინალში გასვლა, ამ ეტაპზე, მაქსიმუმი იყო.

ხვალ, უიმბლდონზე მამაკაცთა ფინალია. ორშაბათს კი, ქალთა და მამაკაცთა ერთეულების განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოქვეყნდება, სადაც ცვლილებებია მოსალოდნელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები