Thumbnail
  • ხორვატიის ნაკრების თავკაცმა და კაპიტანმა მუნდიალის ფინალის მოლოდინზე ისაუბრა
  • დალიჩის თქმით, ფრანგების წინააღმდეგ მისი ფეხბურთელები წნეხის გარეშე ითამაშებენ
  • მოდრიჩი იმედოვნებს, რომ ხვალ ხორვატი ხალხის გაბედნიერებას შეძლებს

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, რომელსაც 15 ივლისს საფრანგეთის ნაკრებთან ჩაატრებს, ჟურნალისტებთან მომავალი თამაშის სამზადისსა და მოლოდინზე ისაუბრა.

"ამ მუნდიალზე ყველაზე რთული შეხვედრა ⅛-ფინალში გვქონდა, დანიის ნაკრებთან. იმ თამაშის წინ ვთქვი, რომ ჯგუფში მოპოვებულ 9 ქულას აზრი დაეკარგებოდა, თუკი წავაგებდით. ახლა წნეხი საერთოდ არ გვაქვს და არც ჩემი მოთამაშეებისგან ვითხოვ რამეს. მთელი მსოფლიო ნახავს ამ მატჩს. არ არის საჭირო დაძაბვა, არც რაიმეზე დაციკვლა.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენს ცხოვრებაში. ეს მთლიანად ხორვატი ხალხისთვის უმთავრესი მატჩია. თუკი წარუმატებლობა გვიწერია, გვინდა, ეს ღირსეულად მივიღოთ. მაგრამ, თუკი ამ თასს მოვიგებთ, არავინ იქნება ჩვენზე უფრო ამაყი.

ზლატკო დალიჩი და ლუკა მოდრიჩი პრესკონფერენციაზე

დიდ ყურადღებას არ ვუთმობ სტატისტიკასა და ტრადიციებს. ტრადიციები იმისთვის არსებობს, რათა დაარღვიო. გვინდა, ხვალ დავტკბეთ ფინალით და დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.

მოვიდა დრო, როდესაც მსოფლიო ნახავს, როგორ თამაშობს ხორვატია. გვინდა, რომ მთელი მსოფლიო გვგულშემატკივრობდეს. ჩვენ დავიმსახურეთ ეს ფინალი. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება, ბედნიერები და ამაყები ვიქნებით", - განაცხადა ხორვატების 51 წლის თავკაცმა.

ხორვატების ბოლო ვარჯიში ისტორიული მატჩისთვის

კომენტარი ხორვატთა კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმაც გააკეთა:

"გამოიწვევს თუ არა ხორვატიის გამარჯვება ქვეყანაში სეისმურ ბიძგებს? სასიამოვნოა ჩვენთვის ამის მოსმენა. ვერაფერი მოგვგვრის იმაზე მეტად სიამაყეს და სიხარულს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის გაბედნიერება.

მოვიგებთ თუ წავაგებთ, ხვალ ხორვატიაში მიწისძვრა მაინც მოხდება. იმედი გვაქვს, ხალხი გამოვა ქუჩაში და იზეიმებს.

ომმა ხორვატები უფრო მტკიცე, მიზანმიმართული გახადა. არ მინდა წარსულზე ვისაუბრო, წინ უნდა ვიყუროთ". 

ხორვატიის ნაკრებმა ფინალამდე სამჯერ დამატებით დროში მიაღწია წარმატებას - დანიასთან, რუსეთსა და ინგლისთან.

ხორვატიის ნაკრები პირველად ითამაშებს მუნდიალის ფინალში. საუკეთესო შედეგი კი ამ ქვეყანას 1998 წელს ჰქონდა - მესამე ადგილი.

გამოკითხვა

  • კილიან მბაპე
  • ლუკა მოდრიჩი
  • ანტუან გრიზმანი
  • ნგოლო კანტე
  • პოლ პოგბა
  • ივან რაკიტიჩი
  • ჰარი კეინი
  • მარიო მანჯუკიჩი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები