Thumbnail

‘ნორმალური სტადიონიც კი არ გვაქვს’ - ხორვატიის მწვრთნელმა პრობლემებზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია
  • ქვეყანაში სტადიონების და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის პრობლემაა
  • ზლატკო დალიჩმა მისი გუნდის წარმატებას სასწაული უწოდა

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია, ქვეყანას კი ერთი თანამედროვე სტადიონიც არ აქვს! გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა სწორედ ამის შესახებ ისაუბრა.

ზლატკო დალიჩი

“სექტემბერში ერთა ლიგა იწყება და ჩვენ ერთი ადეკვატური სტადიონიც კი არ გვაქვს!” - განაცხადა ხორვატების 51 წლის მწვრთნელმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. დალიჩის თქმით, ხორვატიაში არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ამ ქვეყნის ნაკრების მუნდიალის ფინალში გასვლა უდიდესი სასწაულია.

ერთა ლიგის პირველ მატჩს ხორვატიის ნაკრები 8 სექტემბერს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 11 სექტემბერს კი, მეორე ტურში, ესპანეთს ესტუმრება. ინგლისთან საშინაო შეხვედრა რიეკას სტადიონზე გაიმართება, რომელიც მხოლოდ 10 000 მაყურებელს იტევს. თუმცა, აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ნაკრებს, უეფას სანქციის გამო, ამ მატჩის ჩატარება მაყურებლის გარეშე მოუწევს.

მომდევნო საშინაო მატჩი ხორვატიამ 15 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ უნდა გამართოს და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რომელ არენაზე შედგება ეს თამაში. “ინგლისთან და ესპანეთთან მატჩებისთვის ჩვენ ისეთი სტადიონი გვჭირდება, სადაც მინიმუმ 45 000 მაყურებელი ეტევა. საერთოდ, ხორვატიაში სტადიონები დიდი პრობლემაა,” - აღნიშნა დალიჩმა.

ხორვატიაში მთავარი არენა ზაგრების "მაკსიმირია", რომელიც 35 000 მაყურებელს იტევს და რომელიც თანამედროვე სტანდარტებს საერთოდ აღარ შეესაბამება.

სტადიონი "მაკსიმირი" ზაგრებში

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგა ახალი ტურნირია, სადაც ასევე თამაშდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურები. ერთა ლიგაში სულ 4 ლიგაა. საქართველოს ნაკრები რანგით მე-4, D ლიგის პირველ ჯგუფში, ლატვიასთან, ყაზახეთთან და ანდორასთან ერთად მოხვდა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს ამ ჯგუფისა და მთლიანად D ლიგის მოგება სჭირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის პირველ მატჩს 6 სექტემბერს, ყაზახეთში გამართავს, 9 სექტემბერს კი - ლატვიას უმასპინძლებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები