Thumbnail
  • რეალი კრიშტიანო რონალდოს შემცვლელს ეძებს
  • დეილი მეილი: მადრიდელების პირველი სამიზნე ედენ აზარია
  • რეალს ტიაგო ალკანტარაც სურს

მას მერე, რაც კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსში ტრანსფერი დადასტურდა, რეალის გულშემატკივრები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ ვინ შეცვლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს “სამეფო კლუბში”. უახლესი ინფორმაციით, მადრიდელთა ნომერ პირველი სამიზნე ჩელსის ბელგიელი გამთამაშებელი ედენ აზარია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა.

ედენ აზარის ბელგიამ მეოთხედფინალში ბრაზილია 2:1 დაამარცხა

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს მადრიდულ გრანდზე, აზარმა რამდენიმე დღის წინ ასე უპასუხა: “ეს არის დიდი გუნდი, სადაც თამაშზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს!” ახლა კი, “დეილი მეილის” ცნობით, რეალის შეფები ჩელსის მეგა-შეთავაზებას უმზადებენ. ხსენებული გამოცემა წერს, რომ რეალი მზადაა, ლონდონურ კლუბს 150 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, რაც დაახლოებით 170 მილიონი ევროა.

27 წლის ბელგიელს ჩელსისთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. აზარმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია - მან ბელგიის ნაკრები მუნდიალის ნახევარფინალში გაიყვანა და გუნდის კაპიტანია.

ტიაგო ალკანტარაც რეალში?

ტიაგო ალკანტარა

ამასობაში, ესპანური “დონ ბალონი” წერს, რომ რეალს მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას გადაბირებაც სურს. 27 წლის ალკანტარას გვარი მადრიდელთა ახალი თავკაცის, ხულენ ლოპეტეგის სასურველი ფეხბურთელების სიაში მოწინავე პოზიციაზე წერია.

ალკანტარას ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. “დონ ბალონის” ცნობით, რეალი ბაიერნს გაცვლას შესთავაზებს. როგორც იცით, ხამეს როდრიგესი ბაიერნში ჯერაც განათხოვრებულია და მადრიდული გრანდი მზადაა, ბაიერნს ხამესი ალკანტარაში გაუცვალოს. იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ტიაგო ბარსელონაში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად, კატალონიელებმა გადაიფიქრეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები