Thumbnail
  • ხორვატმა მცველმა ინგლისთან მატჩის შემდეგ სკანდალურ ვიდეოებზე განმარტებები გააკეთა
  • ვიდა აცხადებს, რომ მისთვის ყველა ერთია - სერბიც, ბრაზილიელიც, რუსიცა და უკრაინელიც 

ხორვატიის ნაკრების მცველმა დომაგოი ვიდამ მუნდიალის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც თამაშის შეფასებასთან ერთად, რუს ხალხს ბოდიშიც მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ¼-ფინალში რუსეთის ნაკრების დამარცხების (2:2, პენალტების სერიაში 4:3) შემდეგ, ხორვატთა სამწვრთნელო შტაბის წევრმა ოგნიენ ვუკოევიჩმა და დომაგოი ვიდამ გამარჯვება კიევის დინამოსა და უკრაინას მიუძღვნეს.

‘Слава Украине' - ვიდეომიმართვაში წარმოთქმული ამ სიტყვების გამო ფიფამ კუკოევიჩი 15 ათასი დოლარით დააჯარიმა, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ კი მუნდიალზე ნაკრებს ჩამოაშორა. მომხდარის გამო, ინგლისთან ნახევარფინალურ მატჩში დომაგოი ვიდას ტრიბუნებიდან უსტვენდნენ.

"ძალიან მძიმე შეხვედრა ჩავატარეთ. ზედიზედ მესამედ 120 წუთი ვითამაშეთ, მაგრამ მაინც ვაჩვენეთ, რომ მაგარი გუნდი გვყავს. ჩვენ უზარმაზარი ემოციები, გული და კვერცხები გვაქვს!  რა თქმა უნდა, ხორვატიას შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და ხორვატი ხალხისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

მაწუხებდა თუ არა ტრიბუნებიდან სტვენა? არა. შეცდომა დავუშვი და მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვიხადო რუსი ხალხის წინაშე. მაპატიეთ, ეს ცხოვრებაა და შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ", - თქვა მატჩის შემდეგ ტელეეთერში ვიდამ.

ხორვატმა მცველმა განმარტება ასევე გააკეთა მოგვიანებით გავრცელებულ კიდევ ერთ სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ნაკრების შტაბის წევრ ივიცა ოლიჩთან ერთად ლუდს შეექცევა და აცხადებს: ‘Слава Украине, Белград, гори!’

"მიმართვა მხოლოდ კიევის რესტორან "ბელგრადში" ჩემი მეგობრების მისამართით იყო გაკეთებული - იქ დროს ბალკანელები ერთად ატარებენ ხოლმე და მათ შორის ვიყავი მეც. ვიდეო მეგობრებისთვის იყო გამიზნული. ვწუხვარ, რომ ვითარება ასე შემობრუნდა. წყენის მიყენება არავისთვის მსურდა, განსაკუთრებით რუსებისთვის. ბევრი სერბი მეგობარი მყავს, მათ შორისაა რადოს პეტროვიჩი. მუდმივად მაქვს ურთიერთობა პანტიჩთანაც. ჩემთვის ყველა ერთია - სერბიც, ბრაზილიელიც, რუსიცა და უკრაინელიც", - აქვეყნებს ვიდას ნათქვამს championat.com.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, რომელიც 15 ივლის გაიმართება, ხორვატიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები