Thumbnail
  • კურიოზული ეპიზოდი ხორვატია-ინგლისის მატჩში
  • 11 ინგლისელი დანიელ სუბაშიჩის წინააღმდეგ
  • გაუგებრობა ფეხბურთის წესებში?

მუნდიალის ნახევარფინალური მატჩის (ხორვატია-ინგლისი) 110-ე წუთზე ძალზე კურიოზული ეპიზოდი მოხდა, რომელიც ტელეკამერების მიღმა დარჩა. ხორვატიის ნაკრები მარიო მანჯუკიჩის გოლს ზეიმობდა, რომლის წყალობითაც ხორვატიის ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. 

"სამი ლომი" გათანაბრებას ამ ხერხით აპირებდა

ინგლისელმა ფეხბურთელებმა ბურთი ცენტრში მიტანეს, ამ დროს ხორვატთაგან მოედანზე მხოლოდ მეკარე დანიელ სუბაშიჩი იყო, დანარჩენი კუთხურის ალმის იქით გოლს ზეიმობდა. ინგლისელებმა ბურთი თამაშში შეიტანეს და სამი მათგანი გოლის გასატანად გავარდა, მათ მხოლოდ კარის სიახლოვეს შეანელეს სირბილი. 

ამ ყველაფრის გადაღება მხოლოდ ერთ-ერთმა ფანმა მოასწრო ტრიბუნაზე, რადგან ყველა კამერა მანჯუკიჩის გოლის ზეიმს აჩვენებდა. 

დაუწერელი წესი

ერთი შეხედვით საოცარ მოვლენას თავისი ახსნა აქვს - ფეხბურთელებს შორის მიღებული დაუწერელი წესის მიხედვით, თუ მეტოქე გუნდის ყველა ფეხბურთელი მოედნიდან გასულია და ერთიც კი არ იმყოფება მეტოქის ნახევარზე, მეორე გუნდს ბურთის თამაშში შეყვანის უფლება აქვთ, მაგრამ საკმარისია, რომ ერთი მათგანი მაინც მოედანზე დარჩეს (ოღონდ, აუცილებლად მეტოქის ნახევარზე), თამაშის განახლება არ შეიძლება.  

რონალდოს და კეინის გოლები

ამ "წესმა" მუნდიალზე დებატები უკვე გამოიწვია, როცა ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩში კრიშტიანო რონალდომ საჯარიმო დარტყმით მესამე  გოლი გაიტანა. ყველა კრიშტიანოსკენ გაიქცა, მაგრამ ბოლო პორტუგალიელს მიუთითეს, რომ მას არ გადმოეკვეთა მინდორი.  

პორტუგალიელები ერთ-ერთ გუნდელს უთითებენ, რომ დარჩეს მოედანზე
რონალდოს გოლს ყველა ზეიმობს ერთის გარდა

იგივე მოხდა ინგლისი-ტუნისის შეხვედრაში, როცა მედიაში ერთი ამბავი ატყდა, აქაოდა, კირან ტრიპიერმა ჰარი კეინის გოლი არ იზეიმაო. არადა, ეს იყო სრულიად გამიზნული ქმედება, რომ თამაში არ განახლებულიყო. ტრიპიერმა მხოლოდ საკუთარი ნახევარი გადმოკვეთა და მეტოქის ნახევარზე დადგა, მოზეიმეთაგან ძალიან მოშორებით. 

ინგლისი ჰარი კეინის გოლს ზეიმობს, ტრიპიერი მოედანზე რჩება

გუნდები ასე იზღვევენ თავს, მაგრამ ასეთი წესი ფეხბურთის თამაშის ოფიციალურ წესებში არსადაა. მეტიც, IFAB-ის (International Football Association Board) მიერ მიღებულ წესებში პირდაპირ წერია, რომ ერთის გარდა ყველა ფეხბურთელი საკუთარ ნახევარზე უნდა იყოს. 

IFAB-ის წესი ბურთის ცენტრიდან განახლებაზე

► ყველა ფეხბურთელი, გარდა იმისა, ვისაც ბურთი თამაშში შეჰყავს, უნდა იყოს საკუთარ ნახევარზე. 

► მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მინიმუმ 9.15 სანტიმეტრის მანძილზე უნდა იყვნენ ბურთთან, სანამ მას თამაშში შეიყვანენ.

► ბურთი ცენტრის ნიშნულზე გაჩერებული უნდა იყოს.

► რეფერი აძლევს ნიშანს.

► ბურთი თამაშშია, როცა მას ფეხს დაარტყამენ და მოძრაობას იწყებს.

► პირდაპირ დარტყმით გოლის გატანის შემთხვევაში ის ჩაითვლება, საკუთარ კარში გატანის შემთხვევაში კი გოლი არ ჩაითვლება, მაგრამ დაინიშნება კუთხური. 

ცუდი ინტერპრეტაცია

სწორედ ამ წესის არასწორ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე, როცა მოედნიდან გასული ფეხბურთელი ითვლება, რომ ის არ არის მეტოქის ნახევარზე. ზოგს მიაჩნია, რომ თეორიულად ეს იმას ნიშნავს, თუ მეტოქის მთელი გუნდი მოედნიდან გასულია, ეს ბურთის შეყვანის წესს არ არღვევს და თამაშის განახლებაც და გატანაც შესაძლებელია.

ინგლისელებმაც ჩათვალეს, რომ რადგან მეტოქეთაგან მათ ნახევარზე აღარავინ იყო, თამაშის განახლება და გატანა შეეძლოთ, სანამ მსაჯმა ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლები არ შეაჩერა და ფეხბურთის წესების არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობა არ აღკვეთა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები