Thumbnail

ტურინის იუვენტუსი საქართველოში საწვრთნელ ბანაკს ხსნის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 11-16 სექტემბერს საქართველოში იუვენტუსის საწვრთნელი კემპი გაიმართება
  • იტალიელი მწვრთნელები 100 ქართველ ბავშვს ავარჯიშებენ 

სასტუმრო რივერ საიდში საქართველოში იუვენტუსის საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა. 11-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, 7-დან 16-წლამდე ასაკის ბავშვები 5-დღიან მასტერკლასს გაივლიან. პროექტის ფარგლებში, საქართველოში 3 იტალიელი მწვრთნელი ჩამოვა, რომლებიც ქართველ ბავშვებს იუვენტუსის სკოლის პროგრამით ავარჯიშებენ. ამ პროექტის თაობაზე ტურინის იუვენტუსთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ორგანიზაცია “თავისუფალი ფეხბურთი”. საორგანიზაციო საკითხებში ჩართულია იუვენტუსის ოფიციალური ფან კლუბი საქართველოში.

ფან კლუბის პრეზიდენტმა ლევან ბეგლარიშვილმა popsport-თან საუბარში განაცხადა, რომ საწვრთნელ ბანაკში მონაწილეობას 100 ქართველი ბავშვი მიიღებს. პროექტში მონაწილეობს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის ჩართულობით, საწვრთნელ პროცესში სრულიად უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს 12 რეგიონიდან ჩამოყვანილი სოციალურად დაუცველი ბავშვები.  

იუვენტუსის საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია

ლევან ბეგლარიშვილის თქმით, ბავშვებს დღეში ორი ვარჯიში ჩაუტარდებათ. ტურინის იუვენტუსის მოთხოვნით, უზრუნველყოფილი იქნება მათი ტრანსპორტორება, კვება და დაზღვევა. ამასთან, საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, ბავშვებს იტალიიდან ჩამოტანილი იუვენტუსის ამუნიცია დარჩებათ.

ტურინის იუვენტუსის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ საწვრთნელი ბანაკის დღეებში შეირჩეს რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე, რომლებიც იტალიაში ჩავლენ და უკვე იქ გააგრძელებენ ვარჯიშს. რა ეღირება იუვენტუსის საწვრთნელ ბანაკში მონაწილეობის მიღება? - იუვენტუსის ფან კლუბის პრეზიდენტის თქმით, თანხის ზუსტი ოდენობა არაა დადგენილი, თუმცა ცნობილია, რომ ფასი 300 ევრომდე იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები