Thumbnail
  • ნახევარფინალში დამარცხებული აზარი და კურტუა საფრანგეთის ნაკრებს აკრიტიკებენ
  • სიმულაციაში დადანაშაულებული კილიან მბაპე ბოდიშს იხდის და თავის მიზანზე საუბრობს 

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. დიდიე დეშამის გუნდი 15 ივლისს ფინალში ითამაშებს, რობერტო მარტინესის ნაკრები კი მესამე ადგილისთვის 14 ივლისს იბრძოლებს.

ბელგიის ნაკრების კაპიტანი ედენ აზარი ბავშვობაში ძმებთან ერთად საფრანგეთს ქომაგობდა, რისი ამსახველი ფოტოც თამაშის წინ გავრცელდა. მუნდიალის ნახევარფინალის შემდეგ კი ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ისურვებდა საფრანგეთის ნაკრებში ამჟამად ყოფნას.

"საფრანგეთი გამარჯვებულია, ნებისმიერ ფეხბურთელს კი მოგება უნდა. მაგრამ მირჩევნია ისევ ბელგიის ნაკრებში ვიყო, ვიდრე ამისთანა საფრანგეთთან ერთად ვიმარჯვებდე. ჩვენ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს სტილი საჩემოა. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ასე დამარცხება ძალიან მძიმეა. მერჩივნა, 0:5 წაგვეგო ცუდად ჩატარებულ თამაშში, მაგრამ ჩვენ საფრანგეთზე უკეთესები ვიყავით".

აზარს ერჩივნა, ბელგიას ცუდად ეთამაშა და 0:5 წაეგო

ლამის იმავეს აცხადებს ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუაც

"საფრანგეთმა ანტიფეხბურთი ითამაშა. ეს მათი უფლებაა. იცოდნენ, რომ თამაშის ასეთ სისტემასთან დაპირისპირება გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ასეთი ფეხბურთის ყურება უსიამოვნოა. მათ ჩვენზე უკეთესად არ უთამაშიათ. უბრალოდ, თავს კარგად იცავდნენ. თამაშის ბედი კი დეტალებმა გადაწყვიტა. ნეტავ ისევ ბრაზილიასთან ¼-ფინალში წაგვეგო - ბოლო-ბოლო, იმ გუნდს ფეხბურთის თამაში მაინც სურდა". 

ბელგიის ნაკრების მცველმა ტობი ალდერვეირელდმა თამაშის შემდეგ კილიან მბაპეზე ილაპარაკა:

"მბაპემ თამაშის მიწურულს სულ გაზონზე იწვა? დიახ, ის ფინალში გავიდა, მაგრამ მგონია, რომ მას თამაშის მოკვლა სურდა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს".

კილიან მბაპე ბევრმა სიმულაციაში დაადანაშაულა

კომენტარი თავად მბაპემაც გააკეთა:

"1998 წელს დავიბადე და ამიტომ, არასდროს მინახავს ელისეის მინდვრებში მოზეიმე ქომაგები. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ფინალში გავიმარჯვოთ. "ოქროს ბურთი" არ მანაღვლებს, მე საჩემპიონო თასი მინდა.

ბელგიასთან მატჩი ყველაზე რთული იყო ამ ტურნირზე. ბელგიას განსხვავებული ტაქტიკა აქვს და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ. რატომ მაკრიტიკებენ ხშირად სიმულაციისთვის? რაც უნდათ, ის იფიქრონ. თუკი ვინმე გავანაწყენე, ბოდიში".

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები