Thumbnail
  • დღეს: ჩიხურა (საქართველო) V ბეითარი (ისრაელი) I 19:00 საათი (მიხეილ მესხი)
  • დღეს: დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი) V დინამო (საქართველო) I 23:00 საათი (მოლ არენა) 

ქუთაისის ტორპედომ და სამტრედიამ უკვე გამართეს პირველი მატჩები ევროთასებზე. ქუთაისურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის შერიფი 2:1 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ, მინიმალური ფორა შეიქმნა. ევროპალიგის პირველ ეტაპზე, სამტრედიამ ყაზახურ ტობოლს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, რაც იმერული გუნდის შანსებს მკვეთრად ამცირებს.

დღეს კიდევ ორი ქართული გუნდი ჩაებმება ევროასპარეზზე. საჩხერის ჩიხურა ისრაელის ბეითარს უმასპინძლებს, ხოლო თბილისის დინამო 2-რაუნდიანი დუელის პირველ შეხვედრას გასვლაზე გამართავს სლოვაკურ დუნაისკა სტრედასთან.

თბილისის დინამო დუნაისკა სტრედასთან გასვლით შეხვედრას მოლ არენაზე გამართავს, რომელიც 10 000 გულშემატკივარს იტევს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ შეხვედრას ბოსნიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 33 წლის ირფან პელიტო იქნება. სლოვაკეთში გამგზავრებამდე, თბილისის დინამოს მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს... 

მოლ არენა - სტადიონი, სადაც დუნაისკა სტრედა დინამოს უმასპინძლებს

კახა კაჭარავა (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი):
“დიდი ხანია ევროტურნირისთვის ვემზადებით. ბევრი ინფორმაცია მოვიძიეთ სლოვაკურ გუნდზე და დეტალურად შევისწავლეთ მეტოქე. ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომლის დამარცხება არ შეგვიძლია. ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ, ნებისმიერ მეტოქეს მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. მსოფლიოს ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფავორიტის სტატუსი პირობითია. ლაშა თოთაძეს დისკვალიფიკაცია აქვს, სხვა ფეხბურთელები კი მზად არიან დუნაისკა სტრედასთან პირველი მატჩის ჩასატარებლად”.   

კახა კაჭარავა თანაშემწეებთან ერთად

გუჯა რუხაია (დინამო თბილისი):
“მას შემდეგ, რაც გავიგეთ თუ ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე, თითოეულ ვარჯიშზე, თეორია იქნებოდა ეს, თუ პრაქტიკა, სწორედ სლოვაკურ გუნდთან სათამაშოდ ვემზადებოდით. პირველი მატჩი გასვლაზე გვიწევს და ისეთი შემართება გვაქვს, რომ მხოლოდ მოსაგებად მივდივართ. ეროვნულ ლიგაში ბოლო ორი თამაში დიდი ანგარიშით მოვიგეთ, რაც გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კარგად აისახა”.

ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი):
“ვემზადებით ევროთასზე საასპარეზოდ. ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი უახლოესი და კონკრეტული მიზანი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვაა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”

გიორგი ივანიშვილი (დინამო თბილისი):
"მთელი სეზონია ევროთასებისთვის ვემზადებით და ბუნებრივია, რომ მოტივირებულები ვართ. კარგი შეხვედრა გამოგვივიდა გორის დილასთან, რომელიც დიდი ანგარიშით დავამარცხეთ. შევისწავლეთ პირველი მეტოქე, სლოვაკური დუნაისკა სტრედა და მზად ვართ, რომ პირველი ბარიერი გადავლახოთ”. 

კომენტარები

ბოლო ამბები