Thumbnail
  • საფრანგეთი 1:0 ბელგია
  • 1:0 უმტიტი (51')

სანკტ პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. საფრანგეთის ნაკრებმა 1/2-ფინალურ შეხვედრაში ბელგიის ძალიან კარგი გუნდი დაამარცხა და ისტორიაში მესამე მუნდიალის ფინალში ითამაშებს. დიდიე დეშამს კი შანსი აქვს, ზუსტად 20 წლის შემდეგ კვლავ აღმართოს საჩემპიონო თასი. ამჯერად უკვე, როგორც მწვრთნელმა...

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბურთს პირველ წუთებში ფრანგები აკონტროლებდნენ, შემდეგ კი ინიციატივას ბელგიელები დაეუფლნენ. უგო ლორისის კარს ზედიზედ ორჯერ ედენ აზარი დაემუქრა. პირველ ეპიზოდში მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

მალევე ჩელსის შემტევის სახიფათო გასროლის შემდეგ, ფრანგების კარი რაფაელ ვარანმა იხსნა.

ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი ბელგიას კუთხურის შემდეგ ჰქონდა. ტობი ალდერვეირელდის დარტყმის შემდეგ, უგო ლორისმა სასწაული რეაქცია გამოავლინა და მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო სეივი შემოგვთავაზა.

შესვენებამდე უსაქმოდ არც ფრანგი შემტევები ყოფილან. კილიან მბაპეს ფასის შემდეგ, ოლივიე ჟირუმ ვერ გამოიყენა შანსი, აი, ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი სეივი ტიბო კურტუამ შემოგვთავაზა, რომელმაც მასთან ერთი-ერთზე დარჩენილ ბენჟამენ პავარს არ გაატანინა.

შესვემების შემდეგ მალევე ლორისის კარს რომელუ ლუკაკო თავით დაემუქრა, ამის შემდეგ კი ფრანგებმა მეტოქეს მცირე შტურმი მოუწყვეს. ერთ-ერთ მორიგ შეტევას კუთხური მოყვა, რომელიც ანტუან გრიზმანმა მოაწოდა.  სამუელ უმტიტიმ მეორე სართულზე ორთაბრძოლაში მარუან ფელაინის აჯობა და ბურთი თავით კარში გაგზავნა.

1:0 უმტიტი (51')

გატანილი გოლის შემდეგ დიდიე დეშამის გუნდი დაცვაში არ ჩამჯდარა, ერთ ეპიზოდში კი კილიან მბაპემ ბრწყინვალე პასით მეკარეს ოლივიე ჟირუ შეატოვა. მაგრამ 

ბელგიის ნაკრებს გათანაბრების შანსი ჰქონდა. გამოსარჩევი აქსელ ვიტსელის გასროლა იყო, მაგრამ ლორისმა მორიგი სეივით იხსნა კარი.

რობერტო მარტინესმა მატჩის ბედის შემოტრიალება ცვლილებებით სცადა, მაგრამ დრის მარტენსმა, იანიკ კარასკომ და მიში ბაჩუაიმ მხოლოდ თამაშის გამწვავება შეძლეს. ბოლო წუთებში ბელგიელებმა ყველაფერი გაიღეს, მაგრამ ლორისის კარში გოლი არ გასულა. გატანის უფრო რეალური მომენტები ფრანგებს ჰქონდათ, მაგრამ ჯერ გრიზმანმა და შემდეგ ტოლისომ ვერ გაიტანეს.

საფრანგეთი ფინალშია, სადაც ხორვატია-ინგლისის ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ბელგიის ნაკრები კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

მიუხედავად იმისა, რომ სანკტ პეტერბურგის არენაზე ჩატარებულ ½-ფინალურ შეხვედრაში ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი რობერტო მარტინესის გუნდს უკეთესი ჰქონდა (60%), ფრანგების იერიშები კარზე გაცილებით ხშირი, აზრიანი და მწვავე იყო. ისევ სტატისტიკა: დეშამის შემტევებმა კარისკენ 19-ჯერ დაარტყეს (5-ჯერ კარში) მაშინ, როცა ბელგიელების ანგარიშზე სულ 9 დარტყმაა (3-ჯერ კარში). 

პირველ ტაიმში უგო ლორისის კარს პრობლემებს ედენ აზარი უქმნიდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ფრანგებმა მოახერხეს მისი შეჩერება, გატანილი გოლის შემდეგ კი დაცვაში მშვიდი და დამაჯარებელი თამაშის წყალობით, რომელუ ლუკაკუსა და მის თანაგუნდელებს გათანაბრების შანსი ფაქტობრივად არ მისცეს. 

შედეგად, მუნდიალის ყველაზე შედეგიანმა გუნდმა ტურნირზე პირველად ვერ შეძლო გატანა. მეტიც, მეტოქის კართან მომენტების შექმნა მაშინაც ვერ მოახერხა, როცა ანგარიშის გათანაბრება მართებდა. საფრანგეთის ნაკრები დამსახურებულად ითამაშებს ფინალში.

► საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის ფინალში მესამედ გავიდა და ამ მაჩვენებლით ჰოლანდიას გაუთანაბრდა. 

► მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში უფრო მეტჯერ მხოლოდ არგენტინას (5), იტალიას (6), ბრაზილიასა (6) და გერმანიას (8) უთამაშიათ.

► დეშამს შეუძლია გახდეს მესამე ადამიანი ისტორიაში, ვისაც მუნდიალზე ფეხბურთელსაც გაუმარჯვია და მწვრთნელსაც. აქამდე ეს მხოლოდ მარიო ზაგალომ და ფრანც ბეკენბაუერმა შეძლეს.

► დეშამი პირველი მწვრთნელია საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, ვინც ნაკრები ორი დიდი ტურნირის (ევრო 2016, მუნდიალი 2018) ფინალში გაიყვანაა.

► 1998 წლის შემდეგ პირველად, მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ერთბაშად სამმა მცველმა შეძლო გატანა. მაშინ ფრანგებმა ტურნირი მოიგეს კიდეც.

► ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლების 43,7% სტანდარტულ მდგომარეობებს მოყვა - 69 158-იდან.

► მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებული ბოლო 8 ნახევარფინალიდან 4-ში ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.

► ჯერ არ მომხდარა, რომ მწვრთნელს სხვა ქვეყნის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე გაემარჯვოს. ამის შანსი ესპანელ რობერტო მარტინესს ჰქონდა...

მატჩს გმირი: სამუელ უმტიტი

უგო ლორისმა ორი დიდებული სეივი შემოგვთავაზა, კილიენ მბაპემ კვლავაც მოგვაჯადოვა თავისი სისწრაფითა და ტექნიკით, ანტუან გრიზმანი კი სულისჩამდგმელი იყო საფრანგეთის ნაკრების ლამის ყველა შეტევის, მაგრამ ჩვენ მაინც სამუელ უმტიტის გამოვარჩევთ. სხვანაირად არ შეიძლება იყოს - ბარსელონას 24 წლის მცველმა თავის უშუალო ამოცანას ხომ წარმატებით გაართვა თავი და მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხა.

მატჩის იმედგაცრუება: მუსა დემბელე

ბელგიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მარტინესმა ფეხბურთელი საფრანგეთთან შეხვედრაში სასტარტოში დააყენა - მეორედ ამ მუნდიალზე (პირველად ინგლისთან), მაგრამ 30 წლის ნახევარმცველმა იმედები ვერ გაუმართლა და მე-60 წუთზე შეცვალა. დემბელე ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან, არც ორთაბრძოლებით გამოირჩეოდა და ბურთთანაც “უცხოდ” იყო, თავი მხოლოდ საკუთარ საჯარიმოსთან ორი უაზრო ფოლით დაგვამახსოვრა - პოგბასა და მატუიდის წინააღმდეგ. მარტინესმა მე-60 წუთზე შეცვალა.

 

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები