Thumbnail

ბუფონი და ჩემპიონთა ლიგა - ჯიჯი პარიზში მხოლოდ ამის გამო არ ჩასულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანლუიჯი ბუფონმა პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა
  • ჯიჯის თქმით, ის პარიზში მხოლოდ ჩეპიონთა ლიგის მოსაგებად არ გადასულა
  • იუვეს ყოფილი კაპიტანი კრიშტიანო რონალდოს ტურინში ტრანსფერს მიესალმება

ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრებს იმის წარმოდგენაც კი უჭირდათ, რომ მათი საყვარელი კლუბის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი აღარ იქნებოდა და მით უმეტეს ვერ წარმოედგინათ, რომ ჯიჯის ოდესმე სხვა კლუბის ფორმაში ნახავდნენ, მაგრამ ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ თავის გრანდიოზულ კარიერაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა და 40 წლის ასაკში პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდა.

ბუფონი იუვენტუსის მეკარე 6111 დღე იყო, იუვესთან ერთად გავარდა სერია B-ში, მერე ისევ სერია A-ში დაბრუნდა და ზედიზედ 7 სკუდეტო მოიგო. ახლა კი ბუფონს უკვე პსჟ-ს ფორმა აცვია!

ასე დახვდნენ ჯანლუიჯი ბუფონს პარიზელი ქომაგები

“მან პარიზი იმის გამო აირჩია, რომ კიდევ უფრო მეტი ტიტული მოიგოს!” - ეს პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვებია.

“ვიგრძენი, რომ დიდ ფეხბურთში ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცის გაკეთება. როცა 30 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ფეხბურთს კიდევ 3 ან 4 წელი ვითამაშებდი - ახლა კი უკვე 40-ის ვარ და კარიერას მაინც არ ვამთავრებ. ეს ჩემთვის ახალი თავგადასავალია, რომელიც გამზრდის როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზეც ვფიქრობ. ისევე, როგორც მე, ეს ტურნირი პსჟ-საც არასდროს მოუგია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადმოვედი. ვინც მიზნად მხოლოდ ამას ისახავს, აბსოლუტური იდიოტია, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია,” - განაცხადა ბუფონმა პირველივე პრესკონფერენციაზე.

ჯიჯიმ აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ეძებდა თავგადასავლებს, პსჟ-ს თამაშებს ხშირად უყურებდა და ფრანგულ გრანდში ბავშვური აღფრთოვანებით გადავიდა.

ბუფონმა ფრანგ ჟურნალისტებთან კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსში მოსალოდნელ ტრანსფერზეც ისაუბრა: “ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ რონალდო ტურინში გადავიდეს და იუვეს ქომაგები გააბედნიეროს. მეტიც: იუვენტუსს ეს ტრანსფერი ძალიან სჭირდება! მე ეს ნამდვილად არ მეწყინება. ჩემთვის საწყენია მხოლოდ ის გოლები, რომლებიც რონალდომ იუვეს გაუტანა. კრიშტიანოს იუვენტუსში ტრანსფერი იტალიური ფეხბურთისთვის საუკეთესო რეკლამა იქნებოდა,” - განაცხადა ტურინული გრანდის ყოფილმა კაპიტანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები