Thumbnail
  • ქალთა ერთეულებში რეიტინგის ათეულიდან მხოლოდ კერბერი შემორჩა
  • ბადის სხვადასხვა მხარეს არიან ფედერერი და ნადალი

დღეს უიმბლდონზე მერვედფინალების დღე იყო. ყველაფერი გარკვეულია ქალთა ერთეულებში - მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია. ტურნირის გადამწყვეტი ეტაპი მსოფლიო რეიტინგის ლიდერების გარეშე ჩაივლის. ჯერ კიდევ მესამე რაუნდში, ტაივანელ სუ-ვეი სიესთან (რეიტინგში 48-ე) სენსაციურად დამარცხდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი. დღეს, მეთხედფინალისთვის ბრძოლას გამოეთიშა კაროლინა პლისკოვა. მსოფლიოს მერვე ჩოგანი ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან ორ სეტში - 3:6, 6:7 დამარცხდა. ჰოლანდიელის ასეთი დამაჯერებელი ასპარეზობა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. თუმცა, ფაქტია, ვენუს უილიამსისა და კაროლინა პლისკოვას მძლეველი კარიერაში პირველად უიმბლდონის მეოთხედფინალშია. კვლავ შეგვიძლია შევაქოთ სერენა უილიამსი, რომელიც ამხელა პაუზის შემდეგ, უმაღლესი დონის ტურნირზე უმაღლესი დონის ჩოგბურთს აჩვენებს მსოფლიო რეიტინგში კი, 181-ე ნომერია. მეოთხედფინალში გასასვლელ შეხვედრაში სერენამ რუსი ევგენია როდნინა გააცამტვერა - 6:2, 6:2.

ქალთა ერთეულების ¼ ფინალური წყვილები ასეთია:

დარია კასატკინა (რუსეთი, 14) V ანჟელიკ კერბერი (გერმანია, 11)

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი, 33) V ელენა ოსტაპენკო (ლატვია, 12)

სერენა უილიამსი (აშშ, 181) V კამილა ჯორჯი (იტალია, 52)

კიკი ბერტენსი (ჰოლანდია, 20) V იულია გერგესი (გერმანია, 13)

ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცთა ერთეულებს ჯერ კიდევ შემორჩნენ რეიტინგის ლიდერები და ვარსკვლავები. ფრანგი ადრიან მანარინო  სამ სეტში - 6:0, 7:5, 6:4 დაამარცხა როჯერ ფედერერმა და ამისთვის 2 საათიც არ დასჭირდა. ერნესტს გულბისთან რთული ბრძოლა გადაიტანა კეი ნიშიკორიმ, რომელმაც ლატვიელი რეიტინგის 138-ე ნომერი ოთხ სეტში - 4:6, 7:6, 7:6, 6:1 დაამარცხა. კევინ ანდერსონთან ოთხსეტიან ბრძოლაში დამარცხდა მსოფლიო ჩოგბურთის მთავარი შოუმენი - გაელ მონფილსი - 6:7, 6:7, 7:5, 6:7. ოთხი სეტი დასჭირდა ამერიკელი მაკენზი მაკდონალდსის დამარაცხებლად მილოშ რაონიჩს - 6:3, 6:4, 6:7, 6:2. ადვილად და მხიარულად მოიგო თავისი მერვედფინალი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა. ნადალმა ჟირი ვესელი 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა. დღის ბოლო შეხვედრებში ხუან-მარტინ დელ პოტრო ჟილ სიმონს დაუპირისპირდა. მსოფლიოს არგენტინელი მეოთხე ჩოგნისთვის იოლი ბრძოლა ნამდვილად არ ყოფილა. როცა სეტებში ანგარიში დელ პოტროს სასარგებლოდ 2:1 იყო, მატჩი შეწყდა და სავარაუდოდ, ხვალ განახლდება. ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი, უიმბლდონზე მამაკაცთა ერთეულებიდან შეჯიბრს ბოლო რუსი სპორტსმენი - კარენ ხაჩანოვიც გამოთიშა და მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავიდა - 6:4, 6:2, 6:2.

მამაკაცთა ერთეულების ¼ ფინალური წყვილები ასეთია:

როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 2) V კევინ ანდერსონი (სამხ.აფრიკა, 8)

მილოშ რაონიჩი (კანადა, 13) V ჯონ ისნერი (აშშ, 10)

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 21) V კეი ნიშიკორი (იაპონია, 24)

დელ პოტრო/სიმონი V რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 1)

კომენტარები

ბოლო ამბები