Thumbnail

ჯეკ უილშირი დაბინავდა - ნახევარმცველი ვესტ ჰემშია

  • უილშირმა არსენალიდან წასვლა გუნდში ემერის მოსვლის შემდეგ გადაწყვიტა
  • ჯეკი საუთგეიტის სამუნდიალო სიაშიც ვერ მოხვდა

ლონდონის არსენალისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა - ჯეკ უილშირმა ახალი კლუბი იპოვნა. ამიერიდან, უილშირი აღმოსავლეთ ლონდონში გადაინაცვლებს და ვესტ ჰემის ღირსებას დაიცავს. გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, რადგან ჯეკმა არსენალში მთელი 17 წელი გაატარა ის “მეთოფეთა” აკადემიის აღზრდილია.

ჯეკმა ვესტ ჰემთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უილშირის ტრანსფერის შესახებ “ჩაქუჩებმა” ტვიტერის ოფიციალური გვერდის მეშვეობით განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ ახალ კლუბში ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ვესტ ჰემს ის უფასოდ ერგო. არსენალთან კონტრაქტი უილშირს რამდენიმე დღის წინ, 30 ივნისს ამოეწურა.

ჯეკ უილშირს ბოლო სეზონი მაინცდამაინც წარმატებული და იღბლიანი არ ჰქონდა. 26 წლის ნახევარმცველმა არსენალის რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გააკეთა. უიღბლობამ განსაკუთრებით მაშინ იჩინა თავი, როცა ჯეკი ინგლისის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა. მერე ლონდონში ახლადჩამოსულმა უნაი ემერიმ აითვალწუნა და პირველივე საუბრისას მიანიშნა, არ მჭირდებიო. ვესტ ჰემში კი, მას დიდი იმედებით შეხვდნენ და იმედია, უილშირის უიღბლო პერიოდიც ამით დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები