Thumbnail

ჯიჯის პირველი დღე პსჟ-ში | პარიზელმა ფანებმა ბუფონს საოცარი დახვედრა მოუწყვეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 40 წლის ლეგენდარულმა მეკარემ პარი სენ-ჟერმენში პირველი ვარჯიში ჩაატარა
  • ფანატებმა მეკარე ბაზამდე მოტოციკლებით, სირენებითა და პეტარდებით მიაცილეს

ჯანლუიჯი ბუფონმა თავის ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა. 40 წლის იტალიელმა მეკარემ პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებთან ერთად წვრთნაში მონაწილეობა დღეს პირველად მიიღო.

ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, კლუბის ბაზისკენ ავტომობილით მიმავალ ლეგენდარულ მეკარეს როგორ მიაცილებს გულშემატკივართა არმია.

📺🛵🇮🇹 Gianluigi Buffon Road to the Parc des Princes! 🏍 En route pour le Parc ! 🏍 🧤 #OneOfUs

Posted by PSG - Paris Saint-Germain on ორშაბათი, 09 ივლისი, 2018

ბუფონმა პსჟ-ში პირველი ვარჯიშის ჩატარებამდე თანამემამულე მარკო ვერატისთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

ჯიჯი ბუფონმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით ახლახან გააფორმა. მანამდე ის ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავდა, რომელსაც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დაშორდა.

40 წლის მეკარემ პარიზულ გუნდში პირველად ივარჯიშა

"პსჟ-ის ნაწილად გახდომა იმიტომ მოვინდომე, რომ ვგრძნობდი, კიდევ შემიძლია რაღაც. მსურს დავამტკიცო, რომ ჯერ კიდევ კარგი მეკარე ვარ და ამას გავაკეთებ კიდეც. იტალიის ნაკრებშიც ბოლო დრომდე იმიტომ გამოვდიოდი. ვითამაშებ იქამდე, სანამ შემეძლება კარგად თამაში და დავამტკიცებ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. როგორც კი ვიგრძნობ, რომ აღარ შემიძლია, მაშინვე გვერდზე გავდგები.

მომწონს სირთულეები და საკუთარი თავის გამოცდა. პირველი ვარჯიშის ჩატარება მარტივი არ იყო, რადგან გუნდში ბევრი ფეხბურთელი სხვა ენაზე საუბრობს, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ბედნიერებაში", - თქვა ვარჯიშის შემდეგ ჯიჯიმ.

იტალიელი გოლკიპერის ოფიციალური დებიუტი პსჟ-ში შესაძლოა 4 აგვისტოს, საფრანგეთის სუპერთასის მატჩში შედგეს, რომელშიც პარიზელები მონაკოს დაუპირისპირდებიან.

ჯიჯი ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავდა, ტურინულ კლუბს კი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ამ ზაფხულს დაემშვიდობა.

მეკარემ იუვენტუსთან ერთად 11-ჯერ მოიგო სკუდეტო (ორი ჩამოართვეს), იტალიის ნაკრებში კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები