Thumbnail

კოუტინიო ნეიმარის რეკორდს ემუქრება | პსჟ ბარსადან კიდევ ერთ ბრაზილიელს იწვევს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარიზული კლუბი მზადაა, ბრაზილიელში სარეკორდო 270 მილიონი ევრო გადაიხადოს
  • რამდენად რეალურია ბარსელონიდან პარიზულ კლუბში კოუტინიოს გადაბარგება
  • ნეიმარი და ფილიპე კოუტინიო მეგობრები არიან

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობაა მზადაა, ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოში რეკორდული თანხა გადაიხადოს.

როგორც Mundo Deportivo იუწყება, პარიზული კლუბის ბოსებმა კოუტინიოს აგენტთან მოლაპარაკებები წამოიწყეს და გამოთქვეს მზადყოფნა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 270 მილიონი ევრო გადაიხადონ. წყაროს ცნობით, პსჟ-ის წარმომადგენლებს ბარსელონასთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.

გასულ ზაფხულს პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონიდან ნეიმარი დაახლოებით მსგავსი სცენარით გადაიბირა - ფრანგებს კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებები არ გაუმართავთ, გარიგება აგენტებთან შეათანხმეს და საბოლოოდ ბარსელონა ფაქტის წინაშე დააყენეს. 

გამოცემა წერს, რომ კოუტინიოს ტრანსფერით პსჟ ნეიმარს მოიმადლიერებს, რომელთანაც ფილიპეს მეგობრული ურთიერთობა აქვს. პარიზელების მთავარი მიზანი კი ისაა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ.

სხვა საკითხია, რომ პსჟ-ისთვის კოუტინიოს ტრანსფერის განხორციელება იოლი ნამდვილად არ იქნება. ჯერ ერთი, ფილიპეს ბარსასთან კონტრაქტში, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი, პირგასამტეხლო თანხად 400 მილიონი ევრო უწერია და საეჭვოა, კატალონიური კლუბი დათმობებზე წავიდეს.

მეორეც, კოუტინიო "კამპ ნოუზე" გასულ ზამთარს 125 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა კი ბარსას გამო გაცილებით მომგებიან ფინანსურ შეთავაზებებზე თქვა უარი.

26 წლის ბრაზილიელს კარიერაში ინტერში, ესპანიოლში, ლივერპულსა და ვასკო და გამაში უთამაშია. გასულ სეზონში მან ბარსას მაისურით 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი ნეიმარს ეკუთვნის, რომელიც ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში შარშან 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

კომენტარები

ბოლო ამბები