Thumbnail
  • დიდი ბრიტანეთის გრანპრი სებასტიან ფეტელმა მოიგო
  • სილვერსტოუნზე გერმანელს თანაგუნდელი რაიკონენი დაეხმარა

სილვერსტოუნზე ლუის ჰემილტონი თავს ისე გრძნობს ხოლმე, როგორც თევზი წყალში, მაგრამ ამჯერად, ფერარის პილოტებმა ბრიტანელს საშინაო რბოლა ჩაუმწარეს. ბრიტანეთის გრანპრი უაღრესად დაძაბული გამოვიდა და ის სებასტიან ფეტელმა მოიგო. ფერარის გერმანელმა პილოტმა ამ გამარჯვებით საერთო ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა.

დაახლოებით 120 000 ბრიტანელი ქომაგის თვალწინ ლუის ჰემილტონი მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, მესამე ადგილი კი ასევე ფერარის პილოტმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა დაიკავა. სხვათა შორის, ფეტელის გამარჯვებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. მეოთხე ადგილი რაიკონენის თანამემამულემ, ვალტერი ბოტასმა (მერსედესი) დაიკავა, მეხუთეზე კი დანიელ რიკარდო (რედ ბული) გავიდა.

მომდევნო რბოლა 22 ივლისს, ჰოკენჰაიმზე გაიმართება, რომელიც ფეტელის საშინაო არენაა და გერმანელი ამ რბოლას 8-ქულიანი უპირატესობით ხვდება. აღსანიშნავია, რომ ჰემილტონს სილვერსტოუნზე ზედიზედ 4 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

რბოლა ბრიტანელისთვის ცუდად დაიწყო. ჰემილტონმა ცუდი სტარტი აიღო, ფეტელი კი გაექცა, რის შემდეგაც მერსედესის პილოტს ფეტელის თანაგუნდელ რაოკონენთან მოუხდა ბრძოლა. სწორედ ფინელის დამსახურებაა, რომ ჰემილტონი გზიდან გადავიდა და ძალიან დრო და პოზიცია დაკარგა. რაიკონენი ამისათვის მოგვიანებით 10 წამით დაისაჯა.

კიმი რაიკონენი 10 წამით დაისაჯა

“ძალიან ვწუხვარ, ბიჭებო!” - უთხრა ჰემილტონმა თავისი გუნდის წევრებს, რადგან ცხადი იყო, რომ არა მისი ცუდი სტარტი, რაიკონენს ჰემილტონის დამუხრუჭების შანსი არ მიეცემოდა. თუმცა ლუისმა საკმაოდ მალე მოახერხა პოზიციების დაბრუნება - 12 წრის შემდეგ ის უკვე მე-6 ადგილზე იყო.

ლიდერი ფეტელი კი მიფრინავდა და ბოტასთან მისმა უპირატესობამ 6 წამი შეადგინა. თუმცა მერე გერმანელს წინა მარცხენა საბურავის პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა, ბოქსებში ნაადრევად შესულიყო. ოდნავ მოგვიანებით ბოქსებს ბოტასმაც მიაშურა, რის შემდეგაც ჰემილტონს ორივე ოდნავ უსწრებდა, თუმცა პიტ სტოპი ამ უკანასკნელას გასაკეთებელი ჰქონდა - საბურავების შეცვლამ ჰემილტონი ისევ უკან დახია.

თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს აიწრა ზაუბერის პილოტი მარკუს ერიქსონი და ტრეკზე Safety Car გამოჩნდა. ფერარისგან და რედ ბულისგან განსხვავებით, მერსედესში საბურავების შეცვლაზე უარი თქვეს, რამაც ის გამოიწვია, რომ ბოტასი ლიდერობდა, უკან კი ფეტელი და ჰემილტონი მისდევდნენ. თუმცა მერე ტრეკზე Safety Car მეორედ გამოჩნდა, რადგან კარლოს სანჩესს (რენო) და რომან გროსჟანს (ჰაასი) ავარია მოუვიდათ.

რბოლის განხლების შემდეგ ასეთი ვითარება იყო: ბოტასი, ფეტელი, ჰემილტონი, რაიკონენი - საუკეთესო ოთხეული ბოლო წრეებზე მაქსიმალურად იბრძოდა. ფეტელმა ბოტასს შესანიშნავი მანევრით გაასწრო. “Grande Seb!”, გაისმა ფერარის გუნდის რაციაში. საბოლოოდ, ბოტასს ჰემილტონმა და რაიკონენმაც ჩაუარეს…

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 171

2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 163

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 116

4. დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) - 106

5. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 104

6. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 93

7. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო, გერმანია) - 42

8. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, ესპანეთი) - 40

9. კევინ მაგნუსენი (ჰაასი, დანია) - 39

10. კარლოს საინსი (რენო, ესპანეთი) - 28

კონსტრუქტორთა თასი

1. ფერარი - 287

2. მერსედესი - 267

3. რედ ბული - 199

4. რენო - 70

5. ჰაასი - 51

6. მაკლარენი - 48

7. ფორს ინდია - 48

8. ტორო როსო - 20

9. ალფა რომეო ზაუბერი - 16

10. უილიამსი - 4

კომენტარები

ბოლო ამბები