Thumbnail

ტაისონი საკუთარ თავს 1000 დოლარად ყიდის! 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაიკ ტაისონი იძულებულია, ფულის შოვნის ახალ ხერხს მიმართოს.
  • კრივის ლეგენდა თავის ცხოვრებაზე მინიმუმ 90 ევროდ მოგიყვებათ.
  • დაახლოებით 1000 დოლარად კი მასთან ერთად ივახშმებთ.

კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი ადრე თავის მეტოქეებს თავ-პირს უერთიანებდა და ამით მილიონებს შოულობდა, ახლა კი საკუთარ თავს სულ რაღაც 1000 დოლარად ყიდის. მაქსიმუმ 1000 დოლარად.

51 წლის ტაისონი აპრილიდან გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ტურნეს იწყებს. ტურნეს რა… დაჯდება და მსურველებს თავის ცხოვრებაზე მოუყვება - როგორ გახდა 20 წლის ასაკში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, როგორ გაეხვა სამაგალითო სკანდალებში, როგორ შორდებოდა ცოლებს, როგორ იჯდა სამი წელი ციხეში… გაუპატიურებისთვის.

ფანებს და მსურველებს შეუძლიათ, ვენის, შტუტგარტის, ბრემენის, დიუსელდორფის, ფრანკფურტის, ჰამბურგის და ბერლინის კინო-დარბაზებში ეს ყველაფერი თავად მაიკ ტაისონისგან მოისმინონ. ციურიხში, მიუნხენსა და დრეზდენში კი შოუს დიდი ვახშამი მოყვება.

ვახშამი ტაისონთან ერთად - როგორია?

ყველაზე იაფი ბილეთი 89 ევრო ეღირება, ტაისონთან ვახშამი კი 809 ევრო დაგიჯდებათ, რაც პრინციპში 1000 დოლარიც კი არ არის (დაახლოებით 950 დოლარია).

არადა, იყო დრო, როცა Iron Mike მულტი-მილიონერი გახლდათ. სად წაიღო ამდენი ფული? ტაისონი ამ კითხვას ასე პასუხობს: “არ ვიცი… ფაქტია, რომ 500 მილიონი დოლარი დავხარჯე. ცხოვრება მინდა და არა სიკვდილი.”

ისეთი ცხოვრება, როგორიც მაიკ ტაისონს უნდა, ძალიან ძვირია.

► ჰქონდა ვილა, რომლის ბაღშიც ვეფხვები და ლომები ნებივრობდნენ.
► ჰქონდა გრანდიოზული ავტოპარკი, საიდანაც 62 ავტომობილი ჯამში 3 მილიონ დოლარად გაყიდა.
► ჰყავს 8 შვილი 4 ცოლისგან და მათი “რჩენაც” არ უჯდება იაფი.

დღესდღეობით კი ტაისონს გაკოტრების საფრთხე ემუქრება და თავს 1000 დოლარად ყიდის. მაქსიმუმ...

P.S. გავიხსენოთ მაიკ ტაისონის ჩხუბი ბასტერ დუგლასთან (1990).

კომენტარები

ბოლო ამბები